თვითმმართველობების დაფინანსების წესი იცვლება, სტრატეგია – არ არსებობს

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ადგილობრივ თვითმმართველობებს გათანაბრებით  ტრანსფერს აღარ მისცემენ. ​საშემოსავლო გადასახადი სრულად ცენტრალურ ბიუჯეტში მობილიზდება, ამის ნაცვლად კი თვითმმართველობებს დღგ-ს სახით მიღებული შემოსავლების 19% დაუტოვოს, – ამის შესახებ მთავრობის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობისა და საბიუჯეტო კოდექსებში ინიცირებულ ცვლილებებში წერია. ამავე პრინციპითაა შედგენილი 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტიც.

​ცვლილებების პროექტი მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა.

როგორც მთავრობაში განმარტავენ, ცვლილებების შემდეგ, ეკონომიკის ზრდის პარალელურად, მუდმივად მზარდი იქნება მუნიციპალიტეტების საკუთარი შემოსავლები, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მათ დამოუკიდებლობას.

“არსებული სისტემის შენარჩუნების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტების დაფინანსება (საშემოსავლო გადასახადი და გათანაბრებითი ტრანსფერი) 2019 წელს იქნებოდა 900,6 მლნ ლარი (ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მუნიციპალიტეტების გარდა), რაც 2018 წლის მაჩვენებელზე 61,9 მლნ ლარით მეტია. დაფინანსების ახალი სისტემის მიხედვით აღნიშნული მუნიციპალიტეტების დაფინანსება შეადგენს 946,6 მლნ ლარს, რაც 2018 წლის მოცულობაზე 107,9 მლნ ლარით მეტი, ხოლო ძველი სისტემით გაანგარიშებულ 2019 წლის მოცულობაზე 46,0 მლნ ლარით მეტია.

მოქმედი წესით, გათანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშებისას ტრანსფერის მოცულობაზე მოქმედებდა მუნიციპალიტეტების სხვა საკუთარი შემოსავლები, რაც ერთგვარ დემოტივატორსაც წარმოადგენდა მუნიციპალიტეტების მიერ საკუთარი შემოსავლების გენერირებაზე მუშაობის მიმართულებით. ახალი სისტემით მისაღები შემოსავალი აღარ ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის საკუთარ შემოსავლებს და დამატებით მოტივაციას ქმნის მუნიციპალიტეტებისათვის. გათანაბრებითი ტრანსფერის ფორმულასთან შედარებით განაწილებული დღგ-ს პროგნოზირება თითოეული მუნიციპალიტეტისთვის უფრო მარტივია და ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტების მიერ საშუალოვადიანი და წლიური სამოქმედო გეგმების შემუშავების გაუმჯობესებას”, – ნათქვამია 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში.

განმარტებითი ბარათების თანახმად, ასევე, ირკვევა, რომ გარდამავალ პერიოდში – 2019-2023 წლებში ადგილობრივ თვითმმართველობებს მიმდინარე ხარჯების გაზრდის უფლება ეძლევათ მხოლოდ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პროცენტული მაჩვენებლით.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტების დაფინანსების სისტემის შეცვლის გადაწყვეტილება დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ფარგლებშია მიღებული, თუმცა, თავად დეცენტრალიზაციის სტრატეგია ჯერ  შემუშავებული არ არის.

მსგავსი თემები