“დაუსრულებელ კორპუსში შესახლება, ნაღმზე ცხოვრებას ნიშნავს” – მშენებელ-ინჟინერი

მშენებარე კორპუსები – მასიური, პოტენციური ნაღმი, სადაც ასობით ადამიანი ცხოვრობს. საუბარია თბილისში, ათეულობით დაუსრულებელი კორპუსზე, სადაც მშენებლობის მიმდინარეობის პარალელურად მობინადრეებიც ცხოვრობენ. ინდივიდუალურად გაყვანილი კომუნიკაციების მიუხედავად, სამშენებლო კომპანიები პრობლემას ვერ ხედავენ და მეპატრონეებს შენობაში ასახლებენ. დარგის ექსპერტები კი აცხადებენ, რომ ეს მექანიზმი მასიური, პოტენციური ნაღმია.

როგორც მშენებელ-ინჟინერი, ამერიკის მშენებლ-ინჟინერთა საბჭოს წევრი იურა სვანიძე „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აცხადებს, ამ პრობლემას ზედამხედველობის სამსახურმა უნდა მიხედოს.

„დაუსრულებელ კორპუსში მოსახლეობის შესახლება, ნიშნავს ნაღმზე ცხოვრებას. აუცილებლად უნდა შეიქმნას სახელმწიფო ექსპლუატაციის მიმღები კომისია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელ ქალაქში იმას მივიღებთ, რაც დიდ დიღომში მოხდა. კანონში აუცილებლად უნდა ჩაიწეროს, რომ კორპუსი, სანამ არ დასრულდება და სანამ მიმღები კომისია არ მიიღებს ექსპლუტაციაში, ადამიანები არ უნდა შესახლდნენ. როდესაც კორპუსი დაუსრულებელია, ეს ნიშნავს იმას რომ ეს პროდუქცია მზად არ არის. კონსტრუქციის მდგრადობა, მასალები, საკაბელო სისტემა, წყალი, გაზი, ლიფტი მზად არ არის და საფრთხეს წარმოადგენს,” – აღნიშნა იური სვანიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი კანონში უნდა იყოს გაწერილი.

ინჟინერ-მშენებელი დავით გიგინეიშვილი კი გვეუბნება, რომ მშენებარე კორპუსებში ცხოვრება საშიშია, თუმცა, მერია ადამიანებს ამას ვერ დაუშლის.

„ყველა ახალი შენობა, რომელიც ექსპლუატაციაშია მიღებული, უსაფრთხოების ნორმებს ითვალისწინებს. მათ შორის, სეისმურ მდგრადობასა და სახანძრო უსაფრთხოებას. მშენებარე კორპუსში შესახლებული ადამიანები დაცულნი არ არიან, რადგან შენობა საცხოვრებლად ვარგისი არ არის, თუმცა მათ ვერავინ დაუშლის საკუთარ სახლში შესვლას. როგორც კი კორპუსი დასრულდება და ითქმება, რომ ის საცხოვრებლად ვარგისია, შემდეგ ხდება მისი ექსპლუატაციაში მიღება, მაგრამ, სამწუხაროდ, ადამიანები თვითნებურად შედიან და არავის აქვს სამართლებრივი უფლებამოსილება ისინი გაასახლოს. ხალხი ქუჩაშიც ცხოვრობს და მერიას არ აქვს უფლება, მათ ქუჩაში დაძინება აუკრძალოს“ – აღნიშნა დავით გიგინეიშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას.

არადა, თბილისის მასშტაბით, ათეულობით დაუსრულებელი თუ გაჩერებული კორპუსია, სადაც ოჯახები ყოველგვარი საცხოვრებელი პირობების გარეშე ცხოვრობენ.

მსგავსი თემები