„დაუდევრად შედიან წყალში, არ ახდენენ გაგრილებას, არიან ნასვამ ან ნაბახუსევ მდგომარეობაში“ – ბანაობის ფატალური შემთხვევები

თბილისის ზღვაზე თითქმის ყოველ დღე ხდება შემთხვევა, როცა საფრთხეში მყოფ ადამიანს მაშველის დახმარება სჭირდება. ფატალური შემთხვევებიც ხდება, თუმცა, ამ ყველაფრის ძირითადი მიზეზი წყალში ნასვამ მდგომარეობაში შესვლაა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე სამაშველო თბილისის სამმართველოს უფროსმა ნოდარ ჭუმბაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ადამიანები წყალში დაუდევრად შედიან.

„თბილისის ზღვას გააჩნია თავისი თავისებურებები, აქვს სხვადასხვა ტემპერატურული ფენა. თბილი და ცივი ფენები, რომელიც სეზონის დასაწყისში და დასასრულს დიდ საფრთხეებს ქმნის. აქედან გამომდინარე, თითქმის ყოველდღე გვაქვს შემთხვევები, როცა სამაშველო ოპერაციების ჩატარება გვიწევს. თითქმის ყოველ დღე გვაქვს გადარჩენის შემთხვევები. მოქალაქეები დაუდევრად შედიან წყალში არ ახდენენ გაგრილებას, შედიან ნასვამ ან ნაბახუსევ მდგომარეობაში. არც გვემორჩილებიან, საბანაო ზონას გადაკვეთენ და უკან ვერ ბრუნდებიან“ – განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე სამაშველო თბილისის სამმართველოს უფროსმა „მედიაცენტრ მთავარში“.

რაც შეეხება მთავარ რეკომენდაციას, შემდეგია: იცურავეთ მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, სადაც ბანაობა დასაშვებია; ნუ შეხვალთ წყალში ნასვამ ან ნაბახუსევ მდგომარეობაში; ნუ გამოიყენებთ გასაბერ ლეიბებსა და ნავებს და დაემორჩილეთ უსაფრთხოების ზომებსა და გამაფრთხილებელ ნიშნებს.

ინფორმაციისთვის, ბანაობის სეზონის დაწყებასთან დაკავშირიებით, დღეის მდგომარეობით, ქალაქის მასშტაბით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სამაშველო დანაყოფები განთავსებული ჰყავს თბილისის ზღვაზე, მდინარე მტკვარზე, კუს ტბაზე და ლისის ტბაზე, სადაც 24 საათიანი მორიგეობა ხორციელდება.

მსგავსი თემები