დასაშვები ხდება ღია სივრცეში სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება

საქართველოში ეკონომიკისა და შიდა ტურიზმის ეტაპობრივი გახსნის ფარგლებში, მთავრობის გადაწყვეტილებით, დასაშვები ხდება ღია სივრცეში სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება, ასევე ღია ცის ქვეშ ჩატარებადი ყველა სათავგადასავლო აქტივობა, მაგალითად რაფტინგი, კაიაკინგი, კანიონინგი  – საწყალოსნო, საჰაერო და სახმელეთო სათავგადასავლო სახეობები. ღია ცის ქვეშ სემინარები თუ ტრენინგები, ისევე, როგორც  ნებადართული სათავგადასავლო სახეობები უნდა ჩატარდეს ჯანდაცვის სამინისტროს ზოგადი რეკომენდაციების შესაბამისად. აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.

ამასთან, შიდა ტურიზმის გახსნასთან ერთად, რისკების ეფექტური მართვის მიზნით, აქტიურად გრძელდება დადგენილი წესებისა და სტანდარტების კონტროლი, როგორც სასტუმროებში, ასევე რესტორნებსა და კვების სხვა ობიექტებში.  მთავრობა კიდევ ერთხელ მოუწოდებს ბიზნესს, მკაცრად დაიცვან დადგენილი რეგულაციები, რათა კანონით განსაზღვრული ჯარიმების  გამოყენების აუცილებლობა მინიმუმამდე შემცირდეს.

მსგავსი თემები