“დარწმუნებული ვარ, ცხოველთა მიმართ აგრესიის ფაქტები შემცირებულია, უბრალოდ ადრე ამის დაფიქსირება არ ხდებოდა” – ვახტანგ ლომჯარია

“ჩვენთან თავშესაფარში, ამ ეტაპზე 160-ზე მეტი ცხოველია. აქედან 80%-ია ძაღლი”, – ამის შესახებ თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსმა ვახტანგ ლომჯარიამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ზოგადად, ჩვენთან ცხოველების რაოდენობა 200-მდე მერყეობს, მაგრამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამო, მცირედით შევამცირეთ პოპულაციების მართვის ოპერაციების რაოდენობა. თუმცა გადაუდებელ შემთხვევებში ოპერაციებს მაინც ვაკეთებთ. 5 თებერვალს სააგენტოს არსებობის ისტორიაში, რეკორდი დავამყარეთ და 661 ცხოველი დავასტერილეთ. ამის საშუალება მარტში არ მოგვეცა. მიუხედავად ამისა, 1500 ოპერაციაზე მეტი მაინც ჩატარდა სააგენტოში და ვეცდებით, ამ მდგომარეობის გამო დიდი ჩამორჩენა არ გვქონდეს”, – აღნიშნა ლომჯარიამ.

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსი მე-12 სართულიდან ცხოველის გადმოგდების ფაქტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსი აგრესიული ქმედებები შემცირებულია.

“მე დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი აგრესიული ფაქტები შემცირებულია, უბრალოდ ადრე ამის დაფიქსირება საერთოდ არ ხდებოდა. ახლა კი ადამიანებიც და სხვადასხვა ორგანიზაციები აფიქსირებენ ამ ყველაფერს და უფრო ყურში გვხვდება. დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო დაიკლებს მსგავსი ფაქტები, რადგან ნელ-ნელა ეს ხდება სირცხვილი და რეალურად აღქმადი პრობლემა”, – განაცხადა ვახტანგ ლომჯარიამ “მედიაცენტრ მთავარში”.

მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

მსგავსი თემები