“დარწმუნებული ვარ ჩემი ნაბიჯის სისწორეში, მზად ვარ გუნდთან დისკუსიისთვის”- მარიამ ჯაში

“იმდენად დარწმუნებული ვარ იმ ნაბიჯის სისწორეში, რომელიც გადავდგი, მზად ვიყავი ჩემს გუნდთან შემდგომი დისკუსიისთვის,”- ამის შესახებ, პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა ნიკა მელიას საკითხზე კომენტირებისას, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მისთვის მისაღები იქნება გუნდის ნებისმიერი გადაწყვეტილება და თვლის, რომ განსხვავებული პოზიცია გუნდს მხოლოდ აძლიერებს.

„საზოგადოებისთვის ცნობილია ჩემი პოზიცია. მე იმდენად დარწმუნებული ვარ იმ ნაბიჯის სისწორეში, რომელიც გადავდგი, მზად ვიყავი ჩემს გუნდთან შემდგომი დისკუსიისთვის. თუკი დამატებითი კონსულტაციები, განხილვა გახდა საჭირო, მე მზად ვარ ამისთვის. ჩემთვის აბსოლუტურად მისაღები იქნება გუნდის ნებისმიერი გადაწყვეტილება. მე ისევ ვრჩები იმ აზრზე, რომ განსხვავებული პოზიცია მხოლოდ აძლიერებს გუნდს, ეს ჯანსაღი პროცესია და ამ შემთხვევაში თუ იქნება ალტერნატიული გადაწყვეტილება მიღებული, გავითვალისწინებ”,- განაცხადა ჯაშმა.

შეგახსენებთ, რომ მარიამ ჯაშმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების თაობაზე გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, რამაც მმართველი გუნდის უმრავლესობა გაანაწყენა, მათ შორის, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ იმ თანაგუნდელებმა, რომლებმაც ხმა არ მისცეს ნიკა მელისთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს, თავიანთი გადაწყვეტილება უმრავლესობის სხდომაზე უნდა განმარტონ.

მსგავსი თემები