“დარწმუნებული ვარ, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ იცის, რა განსხვავებაა პროპორციულ და შერეულ არჩევნებს შორის” – კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არც კი იცის, რა განსხვავებაა პროპორციულ და შერეულ არჩევნებს შორის. 

კალაძის თქმით, საბოლოოდ ყველაფერი მოსახლეობის გადასაწყვეტია.

„ზოგადად აბსტრაქტულია, რომ მოსახლეობა ითხოვს პროპორციული არჩევნების ჩატარებას. დარწმუნებული ვარ, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ იცის, რა განსხვავებაა პროპორციულ და შერეულ არჩევნებს შორის. იმის მიუხედავად, რომ იმ ადამიანების რიგებში ვარ, ვინც მხარს უჭერდა პროპორციული არჩევნების შემოღებას, შერეული სისტემაც არის დემოკრატიული. ასე რომ, ყველაფერი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის გადასაწყვეტია“ , – განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე, დიმიტრი ხუნდაძემ ბიძინა ივანიშვილი დაამარცხა? – კალაძე პასუხობს:

„რატომ, დიმიტრი ხუნდაძე იყო ის ერთი ადამიანი? არა. ის იყო ერთ-ერთი, სამწუხაროდ, იმ ბევრ დეპუტატთა შორის, ვინც მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება. თუმცა ეს მათი გადაწყვეტილებაა, რაც არის დემოკრატიული პროცესის ნაწილი. კითხვა დაისვა დიმიტრი ხუნდაძეზე და შეგვიძლია, ამოვიღოთ მისი განცხადებები პროპორციულთან და მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით. დიმიტრი ხუნდაძე მაშინაც კი, როცა დაეთანხმა, ხელი მოაწერა საკანონმდებლო ცვლილებას, საუბრობდა, რომ მისთვის მიუღებელი იყო შერეული სისტემის გაუქმება და პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. ადამიანებს აქვთ თავიანთი მოსაზრებები. ორი დღის განმავლობაში ცდილობდნენ, წარმოედგინათ არგუმენტები. მოხდა ის, რაც მოხდა. ახლა მთავარია, გავაგრძელოთ მზადება 2020 წლის არჩევნებისთვის. მოსახლეობის გადასაწყვეტი იქნება, თუ ვის ანდობს ხელისუფლებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები