“დარბაზი მტვრით ისე იყო დაბინძურებული, სუნთქვა ძნელდებოდა” – მომაკვდინებელი დასკვნა

„ინსპექტირების პერიოდში გამოვლინდა, რომ სპორტის გაკვეთილის მიმდინარეობის დროს, სპორტული დარბაზში მტვრით იმდენად იყო დაბინძურებული ჰაერი, რომ რთულდებოდა სუნთქვა“ – დასკვნა, N2211181000 და მისი გამოქვეყნების შემდეგ დაწყებული პროცესები პროკურატურის კართან გრძელდება.

ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის შვილი გამოძიების დაწყებას ითხოვს.

25 გვერდიანი დოკუმენტის მეორე ნაწილი, რომელიც „მედიაცენტრ მთავარს“ გადასცეს, სკოლის სპორტულ დარბაზში არსებულ მდგომარეობას ეხება.

„სკოლის სპორტულ დარბაზში არსებული მდგომარეობის გამო ხელი ეშლება სპორტის გაკვეთილების სრულყოფილად წარმართვას, არ არის შექმნილი მოსწავლეების ჯამრთელობისთვის უსაფრთხო გარემო. კერძოდ, ინსპექტირების პერიოდში გამოვლინდა, რომ სპორტის გაკვეთილის მიმდინარეობის დროს, სპორტული დარბაზში მტვრით იმდენად იყო დაბინძურებული ჰაერი, რომ რთულდებოდა სუნთქვა. ამასთან, დარბაზში განთავსებული იყო ტენისის სათამაშო მაგიდა დაშლილ მდგომარეობაში, რკინის კონსტრუქციებით – იმგვარად, რომ თამაშისას მოსწავლის დავარდნის შემთხვევაში არსებობს ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი დაზიანების საფრთხე“, – ვკითხულობთ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინსპექტირების სამსახურის დასკვნაში.

ამავე დოკუმენტიდან ირკვევა, რომ არსებული პრობლემების შესახებ სკოლის ადმინისტრაციამ სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ჯერ კიდევ 2017 წელს აცნობა.

​ცხრილში მითითებულია, რომ სკოლის შენობას არ აქვს ვენტილაცია, რის გამოც პირველ სართულზე არის ნესტი და ხშირად იტბორება სპორტული დარბაზი. ადმინისტრაცია ასევე აღნიშნავდა, რომ სკოლას არ გააჩნდა თანხა სპორტული დარბაზის რეაბილიტქციისათვის: „2018 წლის იანვრიდან არსებული თანხა იზოგება ზამთრის პერიოდში კომუნალური ხარჯებისთვის (სკოლის ანგარიშზე არსებული ნაშთი 2018 წლის იანვრის მდგომარეობით შეადგენს 2 615,66 ლარს, 2018 წლის 07 მარტისათვის, ბუნებრივი აირის გადასახადის გადახდის შემდგომ – 3 062,33 ლარს. 2018 წლის 07 ნოემბრისათვის, ნაშთი სკოლის ანგარიშზე შეადგენს 4005,20 ლარს)“ – ვკითხულობთ დასკვნაში.

დოკუმენტის მიხედვით, სკოლის ადმინისტრაციამ, აღნიშნულ ნაწილში დაარღვია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის, მე-9 პუნქტი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 აგვისტოს N80/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსის“ მე-3 მუხლის მე-8 პუნქტი.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი, ია კერზაია ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გარდაიცვალა. ის სამედიცინო დაწესებულებაში 2 დეკემბერს ანევრიზმის დიაგნოზით მოათავსეს. ია კერზაიას სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მისი შვილი ბაჩანა შენგელია პროკურატურას ისევ მიმართავს და უწყებისგან გამოძიების დაწყებას ითხოვს.

მსგავსი თემები