დანაშაულის 54 %-იანი ზრდა ზუსტი აღრიცხვიანობის მაჩვენებელია და არა კრიმინალის მატების – მამუკა ბახტაძე

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, დანაშაულის 54 % პროცენტით ზრდა დაფიქსირდა, რაც მნიშვნელოვანწილად გამოწვეულია აღრიცხვიანობის სიზუსტით, რეგისტრირებული დანაშაულის ტიპისა და ბუნების განსაზღვრით, პოლიციისადმი მიმართვიანობის მაჩვენებლის გაზრდითა და ბევრი სხვა ფაქტორით.   

როგორც მამუკა ბახტაძემ ინტერპელაციის ფორმატით პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, დანაშაულის ტიპოლოგიურმა ანალიზმა აჩვენა, რომ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების მაჩვენებლები წინა წლებთან შედარებით, ან უცვლელია, ან შემცირებული, ხოლო მატება ძირითადად ისეთ დანაშაულებზე მოდის, რომელზეც მკვეთრად გაიზარდა მიმართვიანობა ან აღრიცხვიანობა გაუმჯობესდა. 

მისივე ინფორმაციით, 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, არ შეცვლილა მკვლელობების მაჩვენებელი. თითქმის 18 %-ით შემცირდა ყაჩაღობა და განსაკუთრებით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება.  

“სიმართლე არის ის, რომ დანაშაულის მთელ რიგ კატეგორიებში საზოგადოების ცნობიერების ამაღლებამ, გატარებულმა რეფორმებმა, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ნდობის გაზრდამ გაზარდა პოლიციისადმი მიმართვიანობა. ასეთ კატეგორიებს მიეკუთვნება, მაგალითად, ოჯახში ძალადობა, მუქარა და სხვა დანაშაული. ამავე დროს, ზრდა ძირითადად მოდის საკუთრებისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე, ანუ სწორედ იმ კატეგორიის დანაშაულზე, რომლებზეც პირდაპირ ახდენს გავლენას აღრიცხვიანობის გაუმჯობესება”, – აცხადებს მამუკა ბახტაძე.

როგორც პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები მუშაობენ იმისთვის, რომ ყველა მოქალაქემ ერთად, მშვიდ და უსაფრთხო გარემოში იცხოვროს, ხოლო დანაშაულის ჩამდენმა კანონით დადგენილი წესით ადეკვატური პასუხი მიიღოს.

მისივე თქმით, წარსულში ნაკლებად აღირიცხებოდა ისეთი დანაშაულები, რომელთა გახსნის პერსპექტივაც  დაბალი იყო და ხშირ შემთხვევაში, მოქალაქეების განცხადებებიც კი არ რეგისტრირდებოდა.

“ეს იყო მავნე პრაქტიკა, ეს იყო თავის მოტყუება, ეს იყო საზოგადოების მოტყუება და ეს ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს. თუ დააკვირდებით დანაშაულის ტიპოლოგიურ სტრუქტურას, კარგად ჩანს, რომ, მაგალითად, 2018 წელს რეგისტრირებული დანაშაულის 62 პროცენტი მოდის სწორედ იმ დანაშაულებზე, რომელთა რეგისტრაციაც ადრე ნაკლებად ხდებოდა და დღეს სრულფასოვნად რეგისტრირდება. ლოგიკურია, რომ ამიტომაც გაიზარდა მუქარის, ნივთის დაზიანების თვითმკვლელობამდე მიყვანის მაჩვენებლები, მაგალითად, ადევნების მაჩვენებლები გაზრდილია რამდენჯერმე, რომელიც ადრე საერთოდ არ რეგისტრირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, თითოეულმა თქვენგანმა ეს ყველაფერი კარგად იცის, მაგრამ მე მაინც კიდევ ერთხელ განვმარტე, რათა საზოგადოებამ იცოდეს ობიექტური რეალობა”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

მსგავსი თემები