“დამპალოს” სასაფლაოზე მკვლელობის საქმეზე დაკავებული მეორე პირი წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ ცნობს

“დამპალოს” სასაფლაოზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ მეორე პირს ბრალი წაუყენეს. მთავარი ბრალდება იგივეა, რაც სპეცრაზმელის შემთხვევაში. ამის შემდეგ უკვე სასამართლო დაინიშნება, რომელზეც აღმკვეთის ღონისძიებაზე უნდა იმსჯელონ.

ჯგუფური ძალადობა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც 24 წლის მამაკაცის გარდაცვალება გამოიწვია – ეს ის ბრალდებაა, რომელიც ოფიციალურად ვახტანგ ბურძენაძეს სულ ცოტა ხნის წინ, სამმართველოში წარუდგინეს. ბრალის წარდგენას მისი უფლებადამცველიც ესწრებოდა.

როგორც ცნობილია, თავად ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს, რომ ის დამპალოს სასაფლაოზე მომხდარ მკვლელობაში უდანაშაულოა.

რაც შეეხება საქმის მასალებში არსებულ სხვა დეტალებს, ეს ჯერჯერობით უცნობია. როგორც თავად ადვოკატი ამბობს, ის მასალებს დეტალურად არ გაცნობია, თუმცა დარწმუნებულია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სიმართლეს დაამტკიცებს.

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფიც განიცდის ამ სიტუაციას. წარდგენილ ბრალდებაში ის თავს არ ცნობს დამნაშავედ, ვინაიდან უშუალოდ მომხდარი ინციდენტის დროს ის არანაირად არ იყო ჩართული. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ მოხდა მისი ტრანსპორტირება მის საცხოვრებელ ბინაში, ანუ თვითონ, თავად ცდილობდა გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება. ამის შემდგომ უკვე ვერ უზრუნველყო, ფიზიკურად შეუძლოდ გახდა ეს ბიჭი, შემდგომ გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. სპეცრაზმელის ბრალდების დადგენილებას, სამწუხაროდ, არ გავცნობივარ,” – აცხადებს ადვოკატი გიორგი გოგინავა.

24 წლის მურად წურწუმია დღეს იმავე სასაფლაოზე დაასაფლავეს, სადაც 2 იანვარს მკვლელობა მოხდა.

მსგავსი თემები