დამნაშავე პოლიტიკოსები არ იცვლებიან, სააკაშვილმა დანაშაული უნდა აღიაროს – აგიტ მირზოევი

​ჩართულობისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელ აგიტ მირზოევის აზრით, ადამიანები არ იცვლებიან, განსაკუთრებით კი ის პოლიტიკოსები, რომლებსაც დანაშაული აქვთ ჩადენილი. ამ თვალსაზრისით მირზოევი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრობს და აცხადებს, რომ სააკაშვილის გამოსწორების დამაჯერებელი ფაქტები მან ჯერ ვერ ნახა.

“ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე გულწრფელად მჯერა, რომ ადამიანები არ იცვლებიან. განსაკუთრებით ისინი, ვისაც დანაშაული აქვთ ჩადენილი პოლიტიკაში. როდესაც ხარ საჯარო პირი, პოლიტიკის შემქმნელი და მართავ სხვადასხვა დონეზე საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან პროცესებს, შენ გაცილებით მაღალი ნდობა გაქვს. ამ ლოგიკით თუ წავალთ, ამომრჩეველი იფიქრებს, რომ “ქართულ ოცნებასაც” შეიძლება მეორე შანსი მისცეს. მერე რა რომ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს”, – განაცხადა აგიტ მირზოევმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, არც “ნაციონალურ მოძრაობას” და არც ექსპრეზიდენტ სააკაშვილს, მათ მიერ ჩადენილი არც ერთი დანაშაული დღემდე არ უღიარებიათ, შესაბამისად მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა მისცეს მათ ამომრჩეველმა ახალი შანსი.

​ჩემთვის, როგორც ერთი რიგითი მოქალაქისთვის, გაცილებით საინტერესო იქნებოდა სააკაშვილი რომ გამოსულიყო და მოეყოლა, როგორც აღმოჩნდა მისი გუნდის წევრი, იგივე კეზერაშვილი, იმ ქონების მფლობელი, რომელ ქონებასაც ის დღეს ფლობს, მაშინ როდესაც ის სახელმწიფო მოხელე იყო? თუ გამოვა ის და იტყვის, რომ კი მართლაც იყო კორუფცია, იყო დანაშაული, კიდევ შეიძლება ვიფიქროთ დადებით ტენდეციაზე. ოღონდ არა იმ ფაქტებზე, რაც თვალნათელი იყო, მაგალითად 7 ნოემბერი, რომელიც იყო დანაშაული და ამას ვერ გაექცევიან. “ნაციონალური მოძრაობა” და მისი ხელმძღვანელი თუ შეიცვალა, მან უნდა აღიაროს შეცდომები. მხოლოდ 7 ნოემბრის აღიარება, ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის არ არის საკმარისი”, – აცხადებს აგიტ მირზოევი.

მსგავსი თემები