“დაკარგული სტატუსით შემოსული ცხოველების რაოდენობა შემცირებულია, დაკბენების რაოდენობამაც იკლო” – ვახტანგ ლომჯარია

“არსებობს აჟიოტაჟი იმასთან დაკავშირებით, რომ ცხოველებს ქუჩაში აგდებენ, არიან აგრესიულები, რადგან საკვები აღარ აქვთ. სტატისტიკის მიხედვით, გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით, დაახლოებით, 17%-ით შემცირებულია დაკარგული სტატუსით შემოსული ცხოველების რაოდენობა. ასევე 19%-ით შემცირებულია დაკბენების რაოდენობა”, – ამის შესახებ თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსმა ვახტანგ ლომჯარიამ “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა.

“ის ფაქტი, რომ ადამიანები ახლა ქუჩაში უფრო ნაკლები არიან, ვიდრე ადრე და ძაღლები მომრავლდნენ, ქმნის ილუზიას, რომ თითქოს ძაღლები მეტია. სინამდვილეში, დაახლოებით, იგივე რაოდენობაა. ქუჩაში ძაღლებს, სამწუხაროდ, ყოველთვის ადამიანები აგდებენ. ეს ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ ამ ეტაპზე შემცირების სტატისტიკა გვაქვს”, – დასძინა ლომჯარიამ. 

ვახტანგ ლომჯარიამ “მედიაცენტრ მთავარში” ცხოველთა საკვების მარაგზეც ისაუბრა.

“რეგიონებში, უღელტეხილებზე, ავტობანებზე გვხვდებიან ძაღლები, რომლებიც საკვების ნაკლებობას განიცდიან. თბილისში ცხოველთა საკვების პრობლემა არ ყოფილა. ადამიანები, რომლებიც სამსახურში მიდიოდნენ და იქ უვლიდნენ ცხოველებს, თუ ახლა ვეღარ მიდიან, რადგან დისტანციურ მუშაობაზე გადავიდნენ, ეს სისტემა დაირღვა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ძაღლები სხვა საკვებით არ იკვებებიან. კერძო სექტორის წარმომადგენლებმა 5 ტონა ძაღლის საკვები გადმოგვცეს, რომლის დარიგებაც უკვე დაწყებულია”, – განაცხადა ვახტანგ ლომჯარიამ.

„მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

მსგავსი თემები