„დაკავებულ დეკანოზს ცილისწამების გამო, პასუხის გაცემა მოუწევს“ –  საპატრიარქოს განცხადება

„ჩვენ გვაქვს მოცემულობა, რომ, ფაქტიურად, სამი ინსტანციის სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. ჩვენ ვერ შევაფასებთ სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივ მხარეს, მაგრამ შევნიშნავთ, რომ, სამწუხაროდ, როგორც დეკანოზი გიორგი მამალაძე, ისე მისი ინტერესების დამცველები მედიასთან ურთიერთობაში სიცრუეს მუდმივად იყენებენ და ხალხი შეცდომაში შეჰყავთ“ – აცხადებენ საპატრიარქოში და დასძენენ რომ დაკავებულ დეკანოზს ცილისწამების გამო სინოდის წინაშე პასუხის გაცემა მოუწევს.

„ჩვენ არ ვიცით, შეიწყალებენ თუ არა მამალაძეს, მაგრამ მას აუცილებლად მოუწევს პასუხი გასცეს წმინდა სინოდს იმ ცილისწამებების გამო, რასაც თითქმის ორი წელია ავრცელებს, ან მისი სახელით ავრცელებენ… მას წარმოაჩენენ სიმართლისათვის დევნილად, კორუფციასთან მებრძოლად და ამ მიზეზით დასჯილად; საპატრიარქოს კი – დამნაშავეთა დამფარველად და უსამართლობის ხელშემწყობად. ამ აზრს კარგა ხანია ავრცელებენ, თუმცა არა ასეთი აქტიურობითა და სიმკვეთრით. მიზანია ეკლესიის და სასულიერო დასის დისკრედიტაცია და, ამასთან, შეწყალების მისაღწევად გარკვეული ზემოქმედების მოხდენა პრეზიდენტზე და საზოგადოებაზე“ – ვკითხულობთ საპატრიარქოს განცხადებაში.

როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, ,,ციანიდის“ საქმესთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს თავისი პოზიცია დღემდე  ორი მიზეზით არ დაუფიქსირებია –  არ იცნობს გამოძიების მასალებს და ამასთან, თავს იკავებს განცხადებებისაგან, რომ ნებსით თუ უნებლიედ, დამატებითი ზიანი არ მიეყენოს დაკავებულს.

„სიცრუეა ისიც, თითქოს საქართველოს საპატრიარქოში მილიონობით თანხებზე ხდება კორუფციული გარიგებები და რომ დეკანოზი ამის მხილებას შეეწირა. საერთოდ, ეკლესია არავისი დაპატიმრების მოსურნე არ არის; ამისთვის იმ ადამიანებსაც არ იმეტებს, რომელთაც მორალურად, თუ მატერიალურად სერიოზული ზიანი მიაყენეს მას. რატომ იქნება იგი მამალაძის დაჭერის მომხრე, ან რატომ არ დაიცავს მას, თუ ამის საფუძველი მიეცემა?! ჩვენ არ ვიცით, შეიწყალებენ თუ არა მამალაძეს, მაგრამ მას აუცილებლად მოუწევს პასუხი გასცეს წმინდა სინოდს იმ ცილისწამებების გამო, რასაც თითქმის ორი წელია ავრცელებს, ან მისი სახელით ავრცელებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები