დათოს დაბადების დღე ახლოვდება, მინდა მანამდე დასრულდეს ყველაფერი – ზაზა სარალიძე თადუმაძეს შეხვდა  

ექსკლუზივი

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ახალ მთავარ პროკურორს, შალვა თადუმაძე შეხვდა და საქმის დეტალებსა და გამოძიების მიმდინარეობაზე ისაუბრეს. შეხვედრა თითქმის ნახევარ საათს გაგრძელდა, რომლის დროსაც თადუმაძე შვილმკვდარ მამას საქმის პირად კონტროლზე აყვანას დაჰპირდა

“ვერაფერს ვიტყვი ახალ მთავარ პროკურორზე, რადგან მხოლოდ 20-30 წუთიანი შეხვედრა გვქონდა. პირობა მოგვცა ადამიანური, რომ ყველაფერს პირად კონტროლზე აიყვანს. ვნახოთ, რამდენად შეასრულებს ამ პირობას… არანაირი ვადებში არ მოუქცევია, ერთადერთი ვადა მე დავუსახელე, რადგან დაფიცებული მაქვს, რომ სანამ სამართლიანი შედეგი არ დადგებოდა ბავშვის საფლავზე არ გავიდოდი, მე დავუსახელე ვადა. დათოს დაბადების დღე ახლოვდება და მინდა ამ თარიღამდე დასრულდეს ყველაფერი”, – განუცხადა მედიაცენტრ “მთავარს” ზაზა სარალიძემ.

შვილმოკლული მამა “მთავართან” საუბარში იხსენებს, თუ რამ მიიყვანა პროტესტის ზომამდე და აცხადებს, რომ ვერც ერთი პროკურორისგან, მანამდე ნორმალურ პასუხს ვერ ღებულობდა, ცდილობდნენ გადაეფარათ მკვლელების თანამონაწილეობა და ის მოცემულობა გაეტანათ ბოლომდე, რაც რამდენიმე თვის წინ სასამართლო განაჩენით დადგა.

“რომ არ მებრძოლა, არაფერი შეიცვლებოდა”, – აცხადებს ზაზა სარალიძე.

პარლამენტი დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში, ორი დღის წინ, მკვლელობის კიდევ ერთი მოწმე, ეზოში მდგარი ავტომობილის მძღოლი დაიკითხა, რომლის თვალწინაც განვითარდა ხორავას ქუჩის ტრაგედია. ზაზა სარალიძის შეფასებით, მძღოლი პირველივე დღიდან იტყუება და ეს ფაქტი სახეზეა, თუმცა რა მიზეზით, მისთვის უცნობია.

“ან შეშინებულია, დააშინა ვინმემ, ან მოისყიდა ვინმემ, ან თვითონ არიდებს ამ ყველაფერს თავს. გამოძიების პროცესში, რაღაც რაღაცეები ახსოვს, რაღაც რაღაცეები არა. საკმაოდ სერიოზული კითხვები ისმება. ვერ ვიტყვი, რომ დეპუტატები ხელს აფარებენ ვინმეს ან რამეზე იკავებენ თავს. როდესაც ვუყურებ ამ პროცესებს მე თვითონაც რაღაც კითხვები მიჩნდება, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ვღებულობ იმ პასუხებს, რა პასუხებიც მაინტერესებს”, – აცხადებს ზაზა სარალიძე “მთავართან” საუბრისას.

შვილმკვდარ მამასთან აქტიური კომუნიკაცია აქვთ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრებს.

“მთავარის” კითხვაზე, ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით თუ არსებობს ისეთი დეტალები, რომლებიც  დეპუტატებს ყურადღების მიღმა რჩებათ? ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ სანამ ყველა მოწმეს არ დაკითხავენ შეფასებას ვერ გააკეთებს.
“ჯერჯერობით კარგად მიდიან. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის – საზოგადოება ხედავს ვინ არის დამნაშავე”, – აცხადებს სარალიძე.

 

მსგავსი თემები