“დავიღალეთ თქვენი პოლიტიკური თამაშებით, ვეღარ გავიგეთ, ვის მხარეს ხართ” – ლევან ვასაძე ბიძინა ივანიშვილს

“ვერის პარკში”, სადაც ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერას აპროტესტებდნენ შეკრებილებს ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ მიმართა. 

ლევან ვასაძემ სამართალდამცავებს, რომლებიც კინოთეატრებთან არიან მობილიზებულები, მიმართა და სთხოვა, რომ ფილმის ჩვენების გაუქმებაში ხელი არ შეუშალონ. ამასთან, მან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსაც მიმართა.

„მე მინდა მივმართო ჩვენი ქვეყნის არაფორმალურ ხელმძღვანელს, ბიძინა ივანიშვილს – ჩვენ დავიღალეთ ცოტა ამ თქვენი პოლიტიკური თამაშებით და ვეღარ გავიგეთ, ვის მხარეს ხართ თქვენ. ჩვენ ვართ შეგნებული, ტრადიციული, ეროვნული მოქალაქეები. მინდა მივმართო ბიძინას და ვუთხრა, რომ თუ შენ მართლა გეშინია ან ვერ აუქმებ ამ ფილმს, მაშინ მოდი და დაგვიდექი „ვერის ბაღში“, გელოდებით აქ ქართველი ხალხი. წამოიყვანე ირაკლი ღარიბაშვილიც და პრემიერ-მინისტრიც. დაგვანახეთ, რომ არ ემსახურებით ანტიტრადიციულ მიმდინარეობას, რომელიც გვანადგურებს ჩვენ. ასევე, მინდა მივმართო პოლიციელებს. ის ხალხი, რომელიც თქვენ გასისხლიანებდათ ზაფხულის განმავლობაში და ქვებს გესროდათ, ვინც ამას აფინანსებდა, სწორედ ის ხალხი შედის ამ კინოთეატრებში და მათ დაცვას გავალებენ თქვენ. აი, როგორ შეგიტრიალათ სატანამ სიმართლე. მოვუწოდებ ყველა პოლიციელს, ნუ შეგვიშლიან ხელს ამ სეანსების გაუქმებაში მთელი საქართველოს მასშტაბით“, – განაცხადა ვასაძემ.

ცნობისთვის, ამ წუთებში კინოთეატრ “ამირანთან” სიტუაცია დაძაბულია. აქციის მონაწილეებმა კინოთეატრში შესაღწევად პიროტექნიკაც გამოიყენეს. 

მსგავსი თემები