დავით ჭიჭინაძე „ჰიუმან რაითს ვოჩის“ 2019 წლის ანგარიშს ეხმაურება

“სხვანაირ ანგარიშს არც ველოდი”, – ასე ეხმაურება პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე უფლებადამცველი ორგანიზაციის „ჰიუმან რაითს ვოჩის“ მიერ გამოქვეყნებულ 2019 წლის ანგარიშს, რომელშიც გასულ წელს ადამიანის უფლებების თვალსაზრისით მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში არსებულ ვითარებაზეც არის საუბარი.

დავით ჭიჭინაძის თქმით, დოკუმენტში ხაზგასმულია ყველა ის დარღვევა და მძიმე მოვლენა, რომელიც 2019 წელს საქართველოში არა მარტო ოპოზიციის, არამედ საზოგადოების პროტესტსაც იწვევდა.

“აქიდან გამომდინარე, ვთვლი, რომ “ქართულმა ოცნებამ” კიდევ ერთი ნაბიჯით  გადადგა იმ ღირებულებებთან დასაშორებლად, რასაც ცივილიზებული სამყარო ატარებს. ამიტომ სხვანაირ ანგარიშს არც კი ველოდი,  რადგან  ის, რაც 2019 წლის 20 ივნისიდან მოყოლებული “ქართულმა ოცნებამ” საზოგადოებას აკადრა, არ მგონია, რომ ვინმეს მოწონება დაიმსახუროს. თუმცა მსგავსი სიგნალების გათვალისწინება რომ ნდომოდა ხელისუფლებას, მის მიერვე მიღებულ გადაწყვეტილებას არ შეცვლიდნენ. არ ჩაიდენდნენ იმას, რაც გააკეთეს 20 ივნისის ღამეს. მსგავსი განცხადებები და მოწოდებები რომ გაითვალისწინონ, მათ ხელისუფლების დათმობა მოუწევთ.

საქართველოში არ გვინახავს, რომ ხელისუფლება ძალაუფლებას მისივე სურვილით თმობდეს, ყოველთვის ხალხის გადაწყვეტილებით, შეტევით ხდება ხელისუფლების დათმობა. ამიტომ  “ქართული ოცნება” ხალხის პასუხს 2020 წელს აუცილებლად მიიღებს”, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

https://mcm.ge/ჰიუმან-რაითს-ვოჩი-2019-წლის/

მსგავსი თემები