დავით ჭიჭინაძე „ქართული ოცნების“ რიგებიდან გარიცხეს

შიდა პარტიული დისციპლინისა და საყოველთაოდ აღიარებული მორალურ – ეთიკური ნორმების დარღვევის გამო, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ, პარტიიდან დეპუტატ დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო.

დეპუტატის პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილებას ხელს აწერს “ქართული ოცნების“ სამდივნოს ხუთივე წევრი: გენერალური მდივანი კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, პოლიტიკური მდივანი გიორგი ვოლსკი, საერთაშორისო მდივანი თამარ ჩუგოშვილი და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, რეგიონული მდივანი.

როგორც მმართველი პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ, ბოლო ხანებში გააკეთა არაერთი საჯარო განცხადება, რომლითაც მან შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გუნდის წევრებს და ზიანი მიაყენა პარტიის იმიჯსა და ინტერესებს, არაერთგზის უხეშად დაარღვია პარტიული დისციპლინა და საყოველთაოდ აღიარებული მორალური და ეთიკური ნორმები.

„ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნებისთვის“ შიდაპარტიული დემოკრატია და გამოხატვის თავისუფლება სახელმძღვანელო პრინციპებია. პარტიის ყველა წევრს აქვს კრიტიკული მოსაზრებების გამოხატვის შესაძლებლობა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. თუმცა, თანაგუნდელების შეურაცხყოფა, მორალური და ეთიკური პრინციპების დარღვევა და პოლიტიკური გუნდისთვის ზიანის მიყენება სცილდება შიდაპარტიული გამოხატვის თავისუფლების ყოველგვარ ზღვარს. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით,„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნო ერთხმად ადგენს, პარტიიდან გაირიცხოს  დავით ჭიჭინაძე“, – აღნიშნულია სამდივნოს გადაწყვეტილებაში.

მსგავსი თემები