“ქართულმა ოცნებამ” ​თავის ძირითად იდეებს უღალატა – დავით ჭიჭინაძე თანამოაზრეებს იკრებს

​მმართველი პარტია “ქართული ოცნების” რიგებიდან გარიცხული, პარლამენტის დეპუტატი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” რეალური იდეები, რისი წყალობითაც მან 2012 წლის არჩევნებში გაიმარჯვა, დღეს გვერდზეა გადაწეული და პარტიის სათავეში ყოფნას “შუალედური ადამიანები” ცდილობენ.

როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დავით ჭიჭინაძემ დღეს განაცხადა, “ქართული ოცნების” ​​მხარდამჭერების ძირითადი მასა, რომლებიც 2012 წელს იდგნენ პარტიის გვერდით, მის მხარეს არიან და მათთან შეთანხმებით დაგეგმავს შემდგომი მოქმედების გეგმას.

“თანამოაზრეები მიკავშირდებიან, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ “ქართული ოცნების” რეალური იდეები გადაწეულია გვერდზე, მეც ასევე მგონია. ვგულისხმობ “ქართული ოცნების” რიგით წევრებს, ვინც რეალურ ძალას წარმოადგენს. ჩვენ არ ვართ თითო – ოროლა, ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ და ბევრი ადამიანის გულისტკივილს ვახმოვანებთ​ეს ის ხალხია, ვინც “ქართულ ოცნებას” გამარჯვება მოუტანა, და არა იმ შუალედურმა ხალხმა, რომლებსაც სურთ რომ “ოცნების” ლიდერები იყვნენ. “ქართულ ოცნებას” ჰქონდა ორი კომპონენტი, ერთი ბიძინა ივანიშვილი და მეორე ის ხალხი ვინც მას ედგა გვერდით”, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

მისივე თქმით, არ გამართულა არც უმრავლესობის სხდომა და არც ფრაქციის, სადაც საპარლამენტო უმრავლესობიდან მისი გარიცხვის საკითხი დადგებოდა დღის წესრიგში.

“ბრალდებას, თითქოს მე შეურაცხყოფა მივაყენე ვინმეს, ამას ასე მარტივად არ გავატარებ, ამას დასჭირდება ახსნა. გაკიცხული და გარიცხული ადამიანები უნდა მოხვდნენ კოლექტიური ზარდიაშვილების სიაში, შემოდგომიდან ასეთ სიასაც გავაკეთებ. მოსახლეობა ყოველ კვირას გამოაქვეყნებს ახალი კოლექტიური ზარდიაშვილების სიას და ძალიან საინტერესო იქნება”, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე და დასძენს, რომ ცხოვრება ისეთი საინტერესოა, რომ ხანდახან გვერდიდან უფრო კარგად ჩანს, ამიტომ სხვებსაც ურჩევს ზოგ საკითხს გვერდიდან შეხედონ.

მსგავსი თემები