დავით უსუფაშვილი არ გამორიცხავს, საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი პრეზიდენტმა არ მოაწეროს და პრიექტი ასე ჩავარდეს

„შენების მოძრაობის“ ლიდერის დავით უსუფაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტი დღეს პირველი მოსმენით დაამტკიცებს, თუმცა, ხიფათი ამით არ მთავრდება. როგორც დავით უსუფაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, კანონპროექტის ჩაგდების არაერთი გზა არსებობს, მათ შორის პრეზიდენტი.

„პროპორციული არჩევნები არის საფრთხის ქვეშ მანამ, სანამ შესაბამისი კონსტიტუციური ცვლილება იურიდიულ ძალას არ შეიძენს. ამისთვის საჭიროა: 1. პირველი კენჭისყრა დ 113 ხმის მიღება; 2. დაახლოებით 2 კვირაში მეორე კენჭისყრა და ისევ 113 ხმის მიღება; 3. რამდენიმე დღის შემდეგ, მესამედ მოსმენა და ისევ 113 ხმის მოგროვება. ამასთანავე, პროექტში აუცილებლად უნდა ეწეროს რომ ცვლილებები ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. თუ ეს ჩანაწერი შეიცვალა, მაშინ მაშინ ვრჩებით ისევ იმ ხიფათის წინაშე, რომ არჩევნები ჩატარდეს დღეს მოქმედი სისტემით. შემდეგ, კანონპროექტი უნდა გაეგზავნოს პრეზიდენტს და მან ხელი მოაწეროს. ის უნდა გამოქვეყნდეს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში ამის შედეგ, შეგვიძლია ჩავთვალოთ რომ დასრულებულია პროცესი“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა პრეზიდენტი გახდეს დაბრკოლება, დავით უსუფაშვილმა უპასუხა, რომ ეს რისკიც არსებობს.

„მე ყველგან ვხედავ პრობლემას, იმდენად ქაოტურია მოვლენები და იმდენად გაუგებარი პროცესები ახასიათებს მათ შორის პრეზიდენტს, ყველაფერია მოსალოდნელი. არ ვიქნები მშვიდად, სანამ არ ვნახავ საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებულ ცვლილებებს“ – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.     

მსგავსი თემები