დავით სერგეენკოს შეფასებით, გარკვეული ჯგუფის მედიკამენტებზე, წლის ბოლომდე, ხარჯები განულდება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკომ წამლის ფასების მატებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ სახელმწიფოს, ამ ეტაპზე, ფასების დარეგულირება არ შეუძლია.

მინისტრის შეფასებით, სამინისტროს არ აქვს იმის ბერკეტები და ინსტრუმენტები, აკონტროლოს, კერძო კომპანიები რა მარკეტინგული თუ სხვა მოსაზრებებით ცვლიან მედიკამენტებზე ფასებს.

„ჯანდაცვაზე დანახარჯები ხასიათდება რამდენიმე პარამეტრით, რომლიდანაც მთავარი არის ჯიბიდან გადახდები, რომელიც ყოველ წელს იზომება. საყოველთაო ჯანდაცვის დაწყებამდე ეს იყო 70%, რაც წარმოუდგენლად მაღალია. ამის შემდეგ შემცირდა და შარშანდელი მაჩვენებელი არის 56%, მაგრამ ესეც ძალიან მაღალია. 25%-ზე მეტი არ უნდა იყოს. ამ ჯიბიდან გადახდების 70%-ზე მეტს შეადგენს, სამწუხაროდ, მედიკამენტებზე დანახარჯები. სახელმიფოს ამ ეტაპზე არ შეუძლია, რომ თვითონ დაარეგულიროს ფასები, რადგან თავად არ აქვს სახელმწიფო წარმოება. ეს არის კერძო ინდუსტრია“ – აღნიშნა მინისტრმა.

დავით სერგეენკოს შეფასებით, გარკვეული ჯგუფის მედიკამენტებზე, წლის ბოლომდე, ხარჯები განულდება.

„სახელმწიფოს შეუძლია გააკეთოს ის, რაც დავიწყეთ შარშან, როდესაც სოციალურად დაუცველებისთვის, შემდგომ პენსიონერებისთვის და შშმ პირებისთვის გავაჩინეთ ახალი კომპონენტი. უფრო კონკრეტულად, სოციალურად დაუცველებს მაქსიმუმ 1 ლარად აქვთ გარკვეულ მედიკამენტებზე წვდომა, პენსიონერებს იმ ფასის ნახევრად აქვთ, რასაც აქამდე იხდიდნენ და იგივე ეხებათ შშმ პირებს. უახლოესი კვირების განმავლობაში მედიკამენტების ჩამონათვალი გაიზრდება, წლის ბოლოს კიდევ ერთი ზრდა იქნება და მომავალი წლის ამოცანაა, რომ ამ ჯგუფებს მედიკამენტებზე რეალურად გავუნულოთ ეს ხარჯები,“ – აღნიშნა მინისტრმა.

მსგავსი თემები