დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობის თანამონაწილეობისთვის მ.კ-ს მიმართ საქმე აღიძვრება 

 

ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით შექმნილი, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები,  მთავარი პროკურატურისგან მოითხოვენ, 2017 წლის პირველ დეკემბერს მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობის თანამონაწილეობისთვის მ.კ-ს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს. აღნიშნულ დანაშაულზე სასჯელი გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის, მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით.

შსს-ს და პროკურატურის პასუხისმგებელი თანამდებობის პირების, კახაბერ სირაძისა და ზვიად ფხაკაძის მხრიდან მიღებულ ახსნა-განმარტებებზე დაყრდნობით, საპარლამენტო კომისიის წევრებმა საჭიროდ მიიჩნიეს  შსს-მ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება გ.მ.-ს ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე. დეპუტატებმა სამინისტროს მიმართეს რეკომენდაციით, დაიწყოს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულის ჩამდენი პირის იდენტიფიცირებისთვის.

რეკომენდაციების შესახებ სამართლებრივი არგუმენტები კომისიის მდივანმა, ოთარ კახიძემ წარმოადგინა, რის შემდეგაც მან კომისიის წევრების კითხვებს უპასუხა. რეკომენდაციებთან დაკავშირებით კომისიის წევრებს შორის დისკუსია გაიმართა, რის შემდეგაც დეპუტატებმა ორივე რეკომენდაცია მიიღეს.

​როგორც მედიაცენტრ “მთავარს” პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, პირველ რეკომენდაციას მხარი კომისიის ათმა წევრმა დაუჭირა, ერთის წინააღმდეგ, ოთხმა კი თავი შეიკავა. მეორე რეკომენდაციას მხარი დაუჭირა კომისიის რვა წევრმა, ექვსი წინააღმდეგი იყო, კომისიის ერთმა წევრმა თავი შეიკავა.

აღსანიშნავია, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებმა გუშინ, 2 ივლისს გამართულ სხდომაზე, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამის ადვოკატ ზვიად კუპრავას ახსნა-განმარტებები მოისმიეს. ამ უკანასკნელმა კომისიის წევრებს პირველ დეკემბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მის ხელთ არსებული ინფორმაცია გააცნო და ისაუბრა საქმეში მონაწილე პირებზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და სხვა საკითხებზე. ზვიად კუპრავამ კომისიის წევრების კითხვებს უპასუხა.

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრები ასევე გამოკითხავენ მკვლელობის მოწმე არასრულწლოვნებს. ამასთან დაკავშირებით, პარლამენტსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს შორის კონტრაქტი გაფორმდება, საფუძველზეც ორგანიზაციის წარმომადგენლები დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებს არასრულწლოვანების დაკითხვაში დაეხმარებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების გამოკითხვა კომისიის სხდომაზე დღეს, 15:00 საათიდან  გაგრძელდება.

მსგავსი თემები