დავით ზალკალიანი, შვედეთში ქართულ დიასპორას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა შვედეთში ქართულ დიასპორასთან შეხვედრა გამართა. საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი დიასპორასთან ურთიერთობის პრიორიტეტულობას.

დავით ზალკალიანის განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან ყველა საელჩოს დავალებული აქვს დიასპორის წარმომადგენლებთან აქტიური კომუნიკაცია და მათი დახმარება.

„დიასპორასთან ურთიერთობა ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. საქართველოს ყველა საელჩოს დავალებული აქვს დიასპორასთან აქტიური კომუნიკაცია. საელჩო თქვენი სახლია და შესაბამისად, აქ არ უნდა არსებობდეს ბარიერები”, – განაცხადა მინისტრმა შვედეთში ქართულ დიასპორასთან შეხვედრაზე.

მისი თქმით, მას დიასპორასთან დაკავშირებული საკითხები პირად კონტროლზე აქვს აყვანილი და მუდმივად საქმის კურსშია მიმდინარე საჭიროებებთან დაკავშირებით.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფო მოწადინებულია მოაგვაროს ყველა ის საკითხი, რაც ქართულ დიასპორას აწუხებს. შეხვედრაზე მან მიმოიხილა დიასპორასთან კავშირების განმტკიცების მიმართულებით უკვე განხორციელებული პროექტები და ინიციატივები, კერძოდ, საკვირაო სკოლების მხარდაჭერა, დიასპორის ინიციატივების დაფინანსების ფონდი და ასევე, ერთიანი უნივერსალური საკომუნიკაციო პლატფორმის შექმნა.

დავით ზალკალიანმა დიასპორის წარმომადგენლებს ასევე გააცნო საქართველოში მიმდინარე პროექტები, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში ბიზნესის, სოფლის მეურნეობის განვითარებას და ინვესტიციების მოზიდვას. როგორც მინისტრმა აღინიშნა, პრემიერ-მინისტრის პრიორიტეტი სწორედ ინკლუზიური ეკონომიკის განვითარება და მოსახლეობის ყოველდღიური პრობლემების მოგვარებაა. ქვეყნის განვითარების გზაზე მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა სტაბილურობის და მშვიდობის მნიშვნელობას და ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რასაც საგარეო საქმეთა სამინისტრო პარტნიორებთან ერთად დგამს ამ მიმართულებით.

მსგავსი თემები