დავით გარეჯში, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა სამხედრო ბაზა ააშენეს

ანტისაოკუპაციო მოძრაობის – “ძალა ერთობაშიას” წევრების განცხადებით, დავით გარეჯში ვითარება დაძაბულია. მათი თქმით, ამ დრომდე ტაძრამდე მისასვლელი გზა ბლოკირებულია, ტერიტორიაზე კი აზერბაიჯანელი მესაზღვრეების რაოდენობა გაზრდილია.

როგორც ანტისაოკუპაციო მოძრაობის – “ძალა ერთობაშიას”, დამფუძნებელმა დავით ქაცარავამ “მედიაცენტრ მთავარს”  განუცხადა, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა, უდაბნოს მონასტრის მისასვლელთან სამხედრო ბაზა ააშენეს.

“აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ააშენეს მეორე სამხედრო ბაზა, უდაბნოს მონასტრის მისასვლელთან და გაზარდეს მესაზღვრეების რაოდენობა. ჩვენ შევიმუშავებთ მიმართვის ტექსტს და აუცილებლად მივმართავთ დელიმიტაციის კომისიას, მივმართავთ ჩვენს მთავრობას და მოვითხოვთ საჯარო შეხვედრას საზოგადოების  წარმომადგენლებთან,“-განაცხადა დავით ქაცარავამ.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები, დავით გარეჯში არსებულ ვითარებაზე,  საგარეო საქმეთა სამინისტროდან რეაგირებას ითხოვენ. დღეს მოძრაობა საორგანიზაციო შეხვედრას გამართავს, სადაც წევრები მოამზადებენ ერთობლივ მიმართვას და დელიმიტაციის კომისიას გადაუგზავნიან.

მსგავსი თემები