დავანგრიოთ სტერეოტიპი, ავირჩიეთ ქალაქის მერი და ის მიხედავს ყველაფერს – კახა კალაძე 

თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, ქართულ საზოგადოებაში უნდა დაინგრეს სტერეოტიპები, რომლებიც ადამიანების მოქალაქეობრივ თვითშეგნებას აკნინებს და საკუთარ მოვალეობად არ მიაჩნიათ იმ გარემოზე ზრუნვა, სადაც სხვებთან ერთად ცხოვრობენ.

“ჩვენ უნდა დავანგრიოთ სტერეოტიპები, რომელიც არსებობს, რომ ავირჩიეთ ქალაქის მერი, ქალაქის მთავრობა და ისინი მიხედავენ ყველაფერს. პასუხისმგებლობა, რომელიც ქალაქის მთავრობას, მერს გააჩნია, კარგად გვაქვს გაცნობიერებული და ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენი გასაკეთებელია, თუმცა, ქალაქის მოსახლეობის ჩართულობა ქალაქის განვითარებაში, მის მოვლა-პატრონობაში ძალიან მნიშვნელოვანია”, – აცხადებს კახა კალაძე.

​მისივე თქმით, ყოველდღიურად თბილისში, ძალიან ბევრი ვანდალიზმის ფაქტი ფიქსირდება. მოქალაქეები აზიანებენ სკვერებში საერთო სარგებლობის ინვენტარს, ავტობუსებში სკამებს, აბინძურებენ გარემოს. ამ შედეგების გამოსასწორებლად კი დედაქალაქს დამატებითი ფინანსური და ადამიანური რესურსის დახარჯვა უწევს.

როგორც კალაძე აცხადებს, შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის მოსანახად, თბილისის მერიამ ჩაატარა კვლევა და ქალაქის მოვლის თვალსაზრისით საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებლად ექვსთვიანი პროექტი შეიმუშავა, რომელიც დატვირთული იქნება სხვადასხვა აქტივობებით.

“კვლევაც ჩავატარეთ და ეს პროექტი კვლევაზე დაყრდნობით განხორციელდება, იმისათვის, რომ ავამაღლოთ საზოგადოების ცნობიერება ქალაქის მოვლის თვალსაზრისით. ძალიან ბევრი ვანდალიზმის ფაქტი ფიქსირდება, ზიანდება სკვერები, იგივე შემთხვევა გვქონდა ახალ ავტობუსებში. ეს ქალაქი ყველასია. ყველამ უნდა გაითავისოს ეს. როგორც საკუთარ ოჯახში ვუვლით ნივთებს, ისე უნდა გავუფრთხილდეთ ქალაქს და მოვუაროთ. სხვაგვარად ძალიან გაგვიჭირდება”, – აცხადებს თბილისის მერი და იმედოვნებს, რომ პროექტი საზოგადოების თანადგომას და მხარდაჭერას მოიპოვებს.

 

მსგავსი თემები