დავანახებთ, როგორ გამოვიყვანთ “ოცნებას” მეორე ტაიმში – ვეტერანი ფეხბურთელები არჩევნების II ტურზე  

ქართული ფეხბურთის ძველი თაობის ცნობილი ფეხბურთელი რევაზ ძოძუაშვილი აცხადებს, რომ ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობაზე სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა მათთვის იმ შემთხვევაშიც იქნებოდა მისაღები, თუ მას მხარს მმართველი პარტია “ქართული ოცნება” არ დაუჭერდა.

“სხვას ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ის არის ქალი, ემიგრაციაში, სამშობლოს მონატრებაში გაზრდილი. გარდა ამისა, სადაც ქალი დადგა პრეზიდენტად და სახელმწიფოს მეთაურად, ყველა ქვეყანაში კარგი ცხოვრებაა. მე ვიცი რა არის ოჯახის ემიგრაციაში ყოფნა, როცა ისინი ბოლშევიკების გამო იძულებულნი გახდნენ სიცოცხლე უცხო ქვეყანაში გაეტარებინათ. ბებია ალჩიბაია მყავდა, მისი და-ძმა საფრანგეთში იყვნენ ემიგრაციაში. ვიცი როგორი გულისტკივილია მთელი მათი ცხოვრება უცხოეთში, საქართველოს სიყვარულში. ​გამოვიდა მისი შვილი და ხომ ნახეთ, როგორი ქართულით ლაპარაკობს, როგორი ნიჭიერი შვილები გაუზრდია. რატომაც არა. სალომე ზურაბიშვილმა იცის ევროპული ღირებულებებიც და ქართულიც. ამას ყველაფერს გააერთიანებს”, – განაცხადა რევაზ ძოძუაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

​მისი შეფასეით, 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მმართველმა თამაში ანგარიშით  1:0 დაასრულა, მეორე ტაიმში კი კიდევ უკეთესად გამოვა.

“გუნდს აქვს მომენტები, როცა კარგად თამაშობს, მაგრამ მოწინააღმდეგე ან მსაჯს მოისყიდის, ან შენს ფეხბურთელებს და ძალით წაგაგებინებენ. ეს უნდათ ნაციონალებს. ერთით ნული მაინც მიჰყავს “ოცნებას”. ეს პაუზაა იმისთვის რომ მეორე ტაიმისთვის მოემზადოს გუნდი. დავანახებთ მეორე ტაიმში, როგორ გამოვიყვანთ ჩვენ “ოცნებას”, – აცხადებს ძოძუაშვილი.

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს ადამიანებს ციხეებში სვამდნენ იმისთვის, რომ დასავლეთისგან დაფინანსება მიეღოთ. “ჩვენ რაც მეტი სპორტსმენი გვეყოლება, მით უკეთესი. როდესაც სპორტს მიხედავენ, საქართველოც მდიდარი ქვეყანა გახდება. ნახავს ყველა”, – განაცხადეს ვეტერანმა ფეხბურთელებმა “მთავარში“.

 

მსგავსი თემები