“დავამარცხეთ და ქვეყნის მართვას საბოლოოდ ჩამოვაშორეთ მოძალადე ხელისუფლება” – ბიძინა ივანიშვილი

 

ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკაში და მის მიერ დაარსებული პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობაზე დაბრუნების გადაწყვეტილება არც პირადი და არც “ქართული ოცნების“ პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე მიუღია.

“ისევე, როგორც 2011 წლის ოქტომბერში, მიზანი ამჟამადაც იგივე და უცვლელია – საქართველო, ქართველი ხალხისა და თითოეული ადამიანის კეთილდღეობა და ღირსეული მომავალი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, 2012 წელს მთავარი მისია შეასრულა და ქვეყნის მართვას ხალხის მჩაგვრელი ხელისუფლება საბოლოოდ ჩამოაშორა, რის შემდეგაც საჭიროდ ჩათვალა აქტიური პოლიტიკიდან წასულიყო. მიაჩნია, რომ ეს მაშინ, მისი მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იყო და მის მიმართ ხალხის ნდობა, მაშინ საზოგადოებას უფრო სჭირდებოდა.

„რატომ გადავწყვიტე ახლა, რომ კვლავ ჩავუდგე სათავეში იმ პარტიას, რომელიც 2012 წელს დავაარსე და ჩემს ხალხთან ერთად შევასრულე ჩემს ცხოვრებაში ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე საპატიო მისია – დავამარცხეთ და დარწმუნებული ვარ, ქვეყნის მართვას საბოლოოდ ჩამოვაშორეთ მოძალადე და ხალხის მჩაგვრელი ხელისუფლება. ამის შემდეგ საკუთარი ინიციატივით გავედი აქტიური პოლიტიკიდან, რადგან ჩავთვალე, რომ ჩემი როლი საზოგადოების განვითარებაში უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა. დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, ვინაიდან ის რაც ჭარბად გამაჩნდა – ხალხის ნდობა, მაშინ საზოგადოებას უფრო სჭირდებოდა. მაშ, ახლა რატომ გახდა საჭირო პოლიტიკაში ჩემი დაბრუნება? ეს არის კითხვა, რომელზეც საზოგადოება მკაფიო პასუხს ელის და მზად ვარ გაგაცნოთ ჩემი მოსაზრებები. ვინც ახლოს მიცნობს, კარგად იცის, რომ ეს ჩემთვის საკმაოდ რთული გადაწყვეტილება არც დღევანდელი ხელისუფლების, არც “ქართული ოცნების“ და არც ჩემი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე მიმიღია”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

მსგავსი თემები