თბილისში დევნილებისთვის ბინები კვლავ აშენდება – 2009 წლის დადგენილება გაუქმებულია

საქართველოს მთავრობის მხრიდან, იძულებით გადაადგილებულ პირთა ბინებით უზრუნველყოფა კვლავ გაგრძელდება. უახლოეს ხანებში თბილისში ბინით 350 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება. მომავალი წლისთვის, ახალი საცხოვრებელი ფართით კიდევ 2 000-მდე ოჯახი დაკმაყოფილდება.

​როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დარეგულირდა ბინების განაწილების რიგითობა, რაც მეტად მტკივნეული პროცესი იყო. გაუქმდა 2009 წელს, მაშინდელი მთავრობის მიერ დადგენილი შეზღუდვა, რომელიც კრძალავდა თბილისში დევნილებისთვის ახალ მშენებლობებს.

“ჩვენ შევცვალეთ ეს დისკრიმინაციული მიდგომა. 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში დევნილების ოჯახების განსახლებისთვის წარდგენილია 90 მლნ ლარი, როგორც ახალი ბინების მშენებლობისთვის, ასევე დევნილთათვის საცხოვრებელი ფართების გამოსასყიდად. 2000-მდე ჩვენი მოქალაქე და ოჯახი მიიღებს ახალ ბინას”, – აცხადებს პრემიერი.

​მისივე ინფორმაციით, მთავრობა ბინებს დევნილებისთვის ​ქართველი მენაშენეებისგან კონკურსის წესით შეისყიდის და მომავალ წელს ახალ ბინებს დევნილების თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ხაშურში, მარნეულსა და ბათუმში მიიღებენ.

​ბახტაძის თქმით, ბიუჯეტში 20 მლნ ლარი გათვლილი იქნება დევნილებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის. ასევე, უმოკლეს ხანებში დარეგულირდება საცხოვრებელი ფართების დაკანონების საკითხი.

აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში 2013 წლიდან დღემდე, 17 162 ოჯახს გადაეცა.

მსგავსი თემები