„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში მხარი დაუჭირეს 

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს მთავრობის მიერ, საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტზე იმსჯელეს და პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი.

მომხსენებელმა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ, დეპუტატებს კანონპროექტი პრინციპების დონეზე გააცნო და საპენსიო რეფორმის არსის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, დაგროვებითი საპენსიო სისტემა შესაძლებლობას მისცემს მოქალაქეს, შექმნას დანაზოგი, რომელიც დასაქმებულის მიერ, წლების განმავლობაში გამომუშავებული ხელფასის პირდაპირპროპორციული იქნება.
მომხსენებლის განმარტებით, დაგროვებითი საპენსიო სისტემა მოქალაქეს საშულებას მისცემს უფრო მაღალი ჩანაცვლების კოეფიციენტი მიიღოს.

წარმოდგენილი კანონპროექტი დაგროვებითი საპენსიო სქემის ორგანიზებისა და განხორციელების საკითხებს არეგულირებს და განსაზღვრავს დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეებისათვის სქემაში მონაწილეობის წესებს და პირობებს.

წარმოდგენილ კანონპროექტს თან ახლავს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა.

„რეფორმის პირველი მიზანი არის, რომ მოქალაქეს ჰქონდეს ღირსეული პენსია, მეორე – ამ რეფორმით ჩვენ მივიღებთ დადებით ეკონომიკურ ეფექტს, რადგან განვითარდება კაპიტალის ბაზარი, საგარეო ვალი ჩანაცვლდება შიდა რესურსით, რაც ლარის სტაბილურობას შეუწყობს ხელს. და ჩვენ ამ რეფორმით შემოვიღებთ ისეთ მექანიზმებს, რომლებიც მაქსიმალურ გარანტიას მისცემენ ჩვენს მოქალაქეებს, რომ არ დაიკარგება მათ ანგარიშებზე აკუმულირებული დაგროვებითი პენსია და მათ უზრუნველყოფილი ექნებათ ღირსეული სიბერე“,- განაცხადა აკაკი ზოიძემ.

კომიტეტის წევრებმა დღე ასევე განიხილეს, ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ -დემოკრატების“ ალტერნატიული კანონპროექტი – „საპენსიო სისტემის შესახებ“.

აკაკი ზოიძის თქმით, პროექტებზე მომდევნო სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელებენ. როგორც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, შესაძლებელია, დღეს წარმოდგენილი პროექტების შეჯერდეს, თუმცა, მისივე თქმით, ამ ეტაპზე კომიტეტი მხარს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტს დაუჭერს.

სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მომხსენებლებმა დეპუტატების კითხვებს უპასუხეს.

 

მსგავსი თემები