“დაახლოებით, ხვალ საღამოს გვეცოდინება, არსებობს თუ არა ეპიდემიის რისკი” – ეკატერინე ტიკარაძე

“დაახლოებით ხვალ საღამოს გვეცოდინება, არსებობს ეპიდემიის რისკი, რომელსაც ვშიშობდით და ვვარაუდობდით, თუ ჯერ კვლავ დაკავებულია რისკები, რომლის პრევენციასაც უკვე ორი თვეა, ვახდენთ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

შეკითხვაზე, უნდა ველოდოთ თუ არა ქვეყანაში ინფიცირების პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან სამი კვირის თავზე პიკის პერიოდს, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საკმაოდ ეფექტურია მართვა, რომელსაც საქართველოს მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო დღემდე ახორციელებს, რის შედეგადაც პიკური პერიოდი გადავადდა.

„ცუდი სცენარის შემთხვევაში გვქონდა გარკვეული რისკები, რომ მესამე კვირას პიკი გვექნებოდა, მაგრამ ეფექტური მართვის შედეგად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ პიკური პერიოდი შევძელით და გადავავადეთ. ჩვენი მხრიდან მიღწეულია პირველი მიზანი, რომელიც დასახული იყო იანვრის თვიდან, რომ ინფექციის საქართველოში გავრცელება რაც შეიძლება, ნელა და გვიან მომხდარიყო“, – განაცხადა ტიკარაძემ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, სისტემა ჯერ კიდევ არის იმის მოლოდინში, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება და აქედან გამომდინარე, მთავრობა პრევენციული ღონისძიებების გატარებას აგრძელებს.

„ჯანდაცვის სამინისტრო თავის მხრივ, აგრძელებს ჯანდაცვის სექტორის სრულ მობილიზებას, რომ გადაზღვეული იყოს ყველა სარისკო მდგომარეობა, მოვახდინოთ ვირუსთან ეფექტური გამკლავება და დროული, სათანადო ზრუნვა ყველა იმ პაციენტზე, რომელიც დაფიქსირდება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მსგავსი თემები