დაავდებული ხე-მცენარეებისთვის ახალ ინექციას შეისყიდიან

თბილისის მერიას დაავადებული ხე-მცენარეებისა და მავნებლების აღმოსაფხვრელად  სამკურნალო ინექციები ჩამოაქვს. სანიტარული ღონისძიებები სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

როგორც მერის მოადგილემ მაია ბითაძემ განაცხადა,  მცენარეების დაავადების მიზეზის დადგენის რესურსი ქვეყანას არ აქვს.

“საქართველოსთვის უპრეცედენტო შესყიდვას ვიწყებთ უახლოეს დღებში, რომელიც მომავალი სამი წლის განმავლობაში, ფიტო-სანიტარიული ღონისძიებების თვალსაზრისით, სრულიად ახლებურ მეთოდებს დაამკვიდრებს. მთელი თბილისის ურბანული გარემო ფიჭვების კუთხით უკვე დაყოფილია რამდენიმე უბნად. ყველაზე მთავარია, რომ ადგილებზე განვათავსოთ ფერომონები და დაავადება ვმართოთ. არსებული დაავადებული ხეები მთლიანად ამოღებული იქნება გარემოდან, თუმცა ჩვენი მთავარი მიზანია, რომ დაავადების გავრცელების მარშრუტი დავადგინოთ, რისი რესურსიც სამწუხაროდ, არათუ თბილისს, ქვეყანას არ აქვს. შემოგვაქვს მკურნალობის ახალი საშუალებები – ინექციები, რომელიც საქართველოში ჯერ არ გამოყენებულა,”-განაცხადა მერის მოადგილემ.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქალაქში არსებული ფიჭვების 90% უმძიმეს მდგომარეობაშია. მისი თქმით, დაავადებულ მცენარეს გარეგნულად არაფერი ეტყობა, თუმცა ქერქის შიგნით პარაზიტების თვალსაზრისით, უმძიმესი მდგომარეობაა.

მსგავსი თემები