გურამ მაჭარაშვილი ლაგოდეხელებს მუზეუმის რეაბილიტაციას დაჰპირდა

 

ლაგოდეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, აქცია “ღამე მუზეუმში“ გაიმართა. აქციის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე, რომელსაც ორგანიზებას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრი უწევდა, წარმოდგენილი იყო ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მიერ შესრულებული ცეკვისა და ხალხური სიმღერების ნომრები.

ღონისძიებას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი, მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და დეპუტატები დაესწრნენ.

დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა ლაგოდეხის მუზეუმის რეაბილიტაციის საჭიროებაზე ისაუბრა და ადგილობრივებს მის კეთილმოწყობას დაჰპირდა.

„ღამე მუზეუმში“ საქართველოში 2015 წლიდან აღინიშნება, წლევანდელი ღონისძიების თემატიკა კი საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს დაუკავშირდა. დეპუტატის შეფასებით, დღეს ქართული სახელმწიფო სწორედ 100 წლის წინ დაწყებული საქმეს აგრძელებს და ეს საქმე აუცილებლად წარმატებული იქნება.

„100 წლის წინ, ჩვენმა წინაპრებმა თავი დააღწიეს რუსეთის იმპერიას და უდიდესი გეოპოლიტიკური გამოწვევების პირობებში დამოუკიდებლობა გამოცხადდა, რომელმაც მართალია სამი წელი იარსება, თუმცა ეს ფაქტი ოქროს ასოებით ჩაიწერა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. იმ პერიოდში, ქართველმა პატრიოტებმა, შეძლეს წინ აღდგომოდნენ იმპერიალისტურ მანქანას და შეექმნათ დემოკრატიული რესპუბლიკა. რა თქმა უნდა დამოუკიდებლობის მოპოვება და სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა არ ყოფილა იოლი საქმე. სამწუხაროდ, ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის იდეა 70 წლით გადაიწია. დღეს კი ჩვენი ქვეყანა აგრძელებს 100 წლის წინ დაწყებულ საშვილიშვილო საქმეს. მრავალი გამოწვევის მიუხედავად, ჩვენი სახელმწიფო აგრძელებს განვითარებას. ჩვენ, ისე როგორც ეს ჩვენს წინაპრებს სურდათ 100 წლის წინ, ევროპულ ოჯახში გაერთიანების გზას მივყვებით“,- აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

რაც შეეხება აქციას „ღამე მუზეუმში“, მას საფუძველი ევროსაბჭომ 2005 წელს დაუდო. ამ დროიდან მოყოლებული, აქცია ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში რეგულარულად ტარდება. საქართველო კი ამ დღეს 2015 წლიდან აღნიშნავს. წლევანდელი ღონისძიება ლაგოდეხელებისთვის იმითაც იყო გამორჩეული, რომ მათ დეპუტატისგან მუზეუმის რეაბილიტაციის პირობა მიიღეს.

მსგავსი თემები