გუდიაშვილის მოედანზე, მორიგი არქეოლოგიური მასალა აღმოაჩინეს

თბილისში, გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, ბ. ახოსპირელის  ქუჩის N4-ის სარდაფში განლაგებულ სხვადასხვა ზომის ქვევრში, კერამიკული ნაწარმი – დიდი, საშუალო და მცირე ზომის, მოჭიქული სამი დოქი და სხვადასხვა ზომის ჭინჭილა აღმოაჩინეს. ჭურჭელი ერთნაირად, მომწვანოდაა მოჭიქული. კერამიკული ნაწარმი, შესაძლოა, გვიანი შუა საუკუნით დათარიღდეს.​

​როგორც მედიაცენტრ “მთავარს” თბილისის განვითარების ფონდში განუცხადეს, აღმოჩენილი ჭურჭელი ძალიან ჰგავს იმავე ტერიტორიაზე, ​ ახოსპირელის N7/2-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სარდაფში აღმოჩენილ სხვა კერამიკულ ჭურჭელზე დატანილ დამღას, წვეროსანი მამაკაცის ანფასს, რომელსაც პირობითად „თბილისელი“ ეწოდა.

მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთ ქვევრში სპილენძის აზარფეშა – გრძელტარიანი, ფართოპირიანი დიდი კოვზისებური ღვინის სასმისი და სპილენძის თეფში აღმოჩნდა.

​​გუდიაშვილის მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ​დედაქალაქის მერიისა და თბილისის განვითარების ფონდის პროექტის “ახალი ტფილისი” ფარგლებში მიმდინარეობს. სამუშაოებს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგების ზედამხედველობით, სამშენებლო კომპანიები – „ინსი“ და „ანაგი“ ახორციელებენ.

 

მსგავსი თემები