გუგული მაღრაძე მედიის ნაწილს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დარღვევაში ადანაშაულებს და ბოდიშს ითხოვს

 

„ქართული მედია  საშუალებების ნაწილი უხეშად არღვევს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას!“ – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გუგული მაღრაძე „მთავართან“ საუბრისას კონკრეტულ ფაქტებსაც ასახელებს.

„მედია საშუალებებმა alia.ge და ტელერადიო კომპანიამ „თრიალეთი“ უხეშად დაარღვიეს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპი ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“ და მესამ პრინციპი „ჟურნალისტმაუნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია“ – აცხადებს მაღრაძე „მთავართან“.

მისივე ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ დასახელებულმა მედიასაშუალებებმა მასზე ჭორი გაავრცელეს, როს გამოც დეპუტატი ბოდიშის მოხდას ითხოვს.

„ამ ორი მედია საშულებით გავრცელდა  ჭორი, რომ  პარლამენტარ გუგული მაღრაძეს თითქოსდა აქვს საკანონმდებლო ინიციატივა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ისეთი ქცევის რეგულირებაზე,  რაც აბსურდულია და ისეთი  უხამსი პასკვილის სახითაა გადმოცემული, რომ შეურაცხმყოფელია მთელი საზოგადოებისათვის.

არაერთხელ დაუბრალებიათ სხვადასხვა ქართულ მედია საშუალებებს ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის ესა თუ ის გამონათქვამი და ჭორი.  თმენის ვალდებულება მნიშვნელოვანია ჩვენთვის და მხოლოდ განცხადებით შემოვიფარგლე რამდენიმე თვის წინ, თუმცა, მსგავსი საქციელი ჟურნალისტების მხრიდან არ დასრულდა და გრძელდება არა მხოლოდ ჩემი არამედ ჩვენი მრავალი მოქალაქის და კოლეგის მიმართ. მასმედიის წარმომადგენლების მხრიდან ასეთი უპასუხისმგებლო და უხამსი საქციელი ჩირქს სცხებს ქართულ მასმედიას, საქართველოს პარლამენტს, ქართულ ოცნებას, და ზოგადად საზოგადოებას.

შესაბამისად, ზემოაღნიშნულმა ორმა მედია საშუალებამ ბოდიში უნდა მოუხადოს საზოგადოებას შეცდომაში შეყვანის და შეურაცხოფისთვის და აღიაროს, რომ დაარღვია ჟურნალისტიკის ქარტიის ზემოაღნიშნული პრინციპები.  მედიასაშუალებების მხრიდან ( ეს ყვითელ პრესასაც ეხება) ასეთი საქციელი განსაკუთრებით ამაზრზენია იმ დროს, როცა ქვეყანა სვანეთში განვითარებულ სტიქიას ებრძვის და რთული ვითარებაა შექმნილი“ – აცხადებს გუგული მაღრაძე.

მსგავსი თემები