გუბერნატორი ფრეზეთში, წილკანსა და წეროვანში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი შალვა კერესელიძე, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, ფრეზეთში, წილკანსა და წეროვანში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდა. მხარის გუბერნატორმა ადგილობრივებისგან იქ არსებული აქტუალური საკითხების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო და პრიორიტეტული საჭიროებების მოგვარების გზებზე ერთობლივად იმსჯელეს.

მოსახლეობამ ძირითადი აქცენტი საგზაო ინფრასტრუქტურისა და სანიაღვრე არხების მოწესრიგებაზე გააკეთა. ასევე, ყურადღება დაეთმო სხვა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად დასრულების საკითხსაც.

შალვა კერესელიძის თქმით, გუბერნატორის ადმინისტრაცია აქტიურად ჩაერთვება ყველა იმ პროცესში, რომელიც დევნილი მოსახლეობის საჭიროებების უზრუნველყოფაზე იქნება ორიენტირებული.

„მზად ვართ აქტიურად ვიმუშაოთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს რეგიონში  მცხოვრებმა დევნილმა მოსახლეობამ თავი ღირსეულად და დაფასებულად იგრძნოს“ – აღნიშნა  მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა.

შალვა კერესელიძე ქურთისა და ახალგორის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრებშიც იმყოფებოდა. ასევე, ადგილზე გაეცნო ქურთის საავადმყოფოში არსებულ ვითარებასაც. დაათვალიერა წილკანის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება და არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაციას გაეცნო.

ასევე, გუბერნატორი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს ესტუმრა და გარდაცვლილი გმირის მიმართ პატივისცემა კიდევ ერთხელ გამოხატა. შალვა კერესელიძე   ტატუნაშვილის მშობლებს ესაუბრა, მათი საჭიროებები მოისმინა და გუბერნატორის ადმინისტრაციის სახელით თანადგომა და მხარდაჭერა გამოუცხადა.

 

 

მსგავსი თემები