გრიპი ისევ ცირკულირებს, ვირუსების სეზონი აპრილშიც გაგრძელდება – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე აცხადებს, რომ​ ​გრიპის ვირუსის კლება შეინიშნება, თუმცა გავრცელების საშიშროება აპრილის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.

​როგორც პაატა იმნაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გრიპის გავრცელების მაჩვენებელმა დეკემბერში 2,5-ჯერ მოიკლო. დღეს, 100 ათას მოსახლეზე 100-150 ფარგლებში რჩება. გარდა იმისა, რომ მთელი ზამთრის სეზონზე აქტიურად ცირკულირებდა H1N1, უკვე H3N2 და B ტიპის ვირუსებიც გამოჩნდა. 

მისივე ინფორმაციით, ბოლო პერიოდში წამოვიდა სხვა ვირუსები: კორონავირუსები, ბოკავირუსები, ადენოვირუსებიც.

“პაციენტისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ტიპის ვირუსი დაემართება. გრიპი გრიპია და სერიოზულ მიდგომას საჭიროებს. მიუხედავად იმისა, რომ კლების ტენდენციაა, დღესაც შეიძლება ვინმე დამძიმდეს. ამიტომ რეკომენდაციები ძალაში რჩება. გრიპის სეზონი გაგრძელდება აპრილის შუა რიცხვებამდე. ორსულებს და იმათ, ვისაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რაიმე პრობლემები აქვთ, ვურჩევთ აიცრან, იმიტომ, რომ მაღალი რისკის ჯგუფია. სეზონის ბოლომდე აცრა კიდევ შესაძლებელია, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ აცრიდან 2 კვირის განმავლობაში დაცულები არ ვართ. მარტში გრიპი ისევ იქნება. წამოვიდა სხვა ვირუსები, ჩვენ ვებგვერდზე ყოველკვირეულად განახლდება ინფორმაცია და მოქალაქეებს შეუძლიათ გაეცნონ მას. ბოლო პერიოდში წამოვიდა სხვა ვირუსები: კორონავირუსები, ბოკავირუსები, ადენოვირუსებიც. ყველაფერი ის, რასაც გაციების ვირუსებს ვეძახით”, – აცხადებს პაატა იმნაძე. 

მისივე ინფორმაციი, რესპირატორული ვირუსების სეზონი ჯერ არ მთავრდება და გაზაფხულის სეზონზეც გაგრძელდება. გრიპის გავრცელების ინტენსივობა ამინდებზეა დამოკიდებული.

მსგავსი თემები