გრიპის ვირუსზე უფასო აცრას მაღალი რისკ-ჯგუფის მქონე პაციენტები ექვემდებარებიან 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის პაატა იმნაძის ინფორმაციით, გრიპის ვირუსზე უფასო აცრის სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს ყველა მაღალი რისკის ჯგუფის მქონე პაციენტებისთვის: პირველ რიგში დიალიზზე მყოფი და აივ ინფიცირებული პაციენტები, დიაბეტიანი ბავშვები 18 წლის ასაკამდე, ბავშვთა სახლების და მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარები. ასევე, არის შეთავაზება, რომ  გრიპის ვირუსზე უფასოდ აიცრან ორსულები.

როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე პაატა იმნაძემ დღეს განაცხადა, გრიპის ვირუსის გამოჩენა მოსალოდნელია დაახლოებით 1-2 კვირაში, თუმცა წინასწარი პროგნოზით, ძალიან მცირე რაოდენობით. ასევე, მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორი ამინდები იქნება, რაც უფრო მზიანი დღეები იქნება, მით უფრო ნაკლებია ყველანაირი გაციების ვირუსის გავრცელების შესაძლებლობა, მათ შორის გრიპის ვირუსისაც. ხოლო ცივ ამინდებში, მეტია გრიპი და გრიპის მაგვარი დაავადებების გავრცელების შესაძლებლობა.

მისივე ინფორმაციით, ​ბოლო ხანებში ქვეყანაში ძირითადად ცირკულირებს რინოვირუსები – ძირითადად სურდოთი გამოხატული ვირუსი; პარაგრიპის ვირუსები, რამაც შესაძლოა ბავშვებში ცრუ კრუპი გამოიწვიოს და მეტაპნევმო ვირუსები, რასაც შესაძლოა ცოტა მძიმე მიმდინარეობა ჰქონდეს. გრიპის ვირუსი ქვეყანაში ჯერ არ დაწყებულა.

რინოვირუსი ძირითადად გამოიხატება სურდოს სახით. ამ ვირუსის დროს ექიმის ჩარევა საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს აღენიშნება 38,5 გრადუსი სიცხე ერთი დღის განმავლობაში, ხოლო დიდებში +38,5 გრადუსი ტემპერატურა სამი დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ბავშვს აღენიშნება სუნთქვის გაძნელება, ან ხშირი სუნთქვა, გაულურჯდება ტუჩები, აუცილებლად უნდა ნახოს ექიმმა, რომ გამოირიცხოს ფილტვების ანთების შესაძლებლობა. ასევე, თუ ნახველში გაერია ჩირქის შეფერილობა, ეს ის სიმპტომებია, რომელიც აუცილებლად საჭიროებს ექიმთან ვიზიტს”, – აცხადებს იმნაძე.

მსგავსი თემები