გრიპი არყით, ნივრითა და შავი წიწაკით არ იკურნება – ექიმის რეკომენდაცია

მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორი დავით ლოლაძე, მოქალაქეებს ურჩევს ​​გრიპის პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე ნუ დაიწყებენ თვითმკურნალობას და ოჯახის ექიმს მიმართონ.

“უნდა დავანებოთ თავი ნიორს, არაყს, შავ წიწაკას და გადავიდეთ სამკურნალო საშუალებებზე, მივიდეთ ოჯახის ექიმთან, გავიაროთ შესაბამისი კონსულტაცია, თუ საჭირო იქნება, ჩავიტაროთ გამოკვლევა, ავიღოთ ანალიზები და დავიწყოთ მკურნალობა.შეცდომას ვუშვებთ მაშინ, როდესაც საკუთარი ძალებით, ან მეზობლების რჩევით ვცდილობთ გავუმკლავდეთ ვირუსს. საბოლოოდ ვერ ვუმკლავდებით, არის შორს წასული ფორმა და სამწუხაროდ, ბოლოს ბრალდება ექიმს”, – განაცხადა დავით ლოლაძემ “მედიაცენტრ  მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, პრევენციის პირველი ნაბიჯია აცრა. ოთხ-ხუთ კომპონენტიანი ვაქცინებია საქართველოში, რომელი აცრაც შემოდგომით, კერძოდ, სექტემბრის ბოლოს უნდა გაკეთდეს, რომ მოქალაქეების გაციების სეზონს მყარი იმუნიტეტით შეხვდნენ.

“განსაკუთრებით სასურველია აიცრან პედიატრიული ასაკის და 60 წელს გადაცილებული ადამიანები, ასევე პროფესიული რისკის ქვეშ მყოფნი – ექიმები და მედპერსონალი. გრიპისგან თავი რომ დავიცვათ, უნდა მივიღოთ ვიტამინებით მდიდარი საკვები, გავიძლიეროთ იმუნიტეტი, ხშირად გავანიაოთ ჩვენი სამუშაო თუ საცხოვრებელი ოთახი. დახურულ სივრცეში ვირუსი ადვილად ვრცელდება”, – აცხადებს მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორი დავით ლოლაძე.

მისივე თქმით, პაციენტის დაუდევრობის გამო, ხშირია შემთხვევები, როდესაც ექიმი, ექთანი და მთლიანად კლინიკა ბულინგის მსხვერპლი ხდება.

მსგავსი თემები