გრიპის ვირუსი უკან იხევს, 3 კვირაა კლების ტენდენცია შეინიშნება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელ პაატა იმნაძის განცხადებით, გრიპის ვირუსი, ე.წ ღორის გრიპი, რომელმაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, უკან იხევს. თუმცა ეპიდემიის გავრცელების საფრთხე კვლავ არსებობს. სეზონის მეორე ნახევარში H1N1 ვირუსი, შესაძლოა სხვა ტიპის ვირუსმა ჩაანაცვლოს. 

როგორც პაატა იმნაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კლების ტენდენცია ბოლო 3 კვირის განმავლობაში შეინიშნება. ეს ჩანს, როგორც მოქალაქეების ავადობის, მიმართვიანობის, ამბულატორიული და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების, სასწრაფო დახმარების სამსახურისთვის მიმართვიანობის კლებით. 

“ყველაფრიდან ჩანს, რომ გრიპი გადავიარეთ, მაგრამ ჯერ არ გამქრალა. სიფრთხილე ისევ არსებობს, ​​თებერვალში გვინდა მზად ვიყოთ, რომ მატება არ იყოს. ხდება ხოლმე, რომ სეზონის მეორე ნახევარში გრიპის ვირუსი ჩანაცვლდება სხვა ვირუსით. შესაძლოა ეს იყო H1N1, H3N2, ან B ტიპის ვირუსი, ამის წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელია”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.  

მისივე თქმით, გრიპის ვირუსზე ორსულების აცრა კვლავ რეკომენდებული და სასურველია, მაგრამ ორსულის წითელაზე აცრა არ შეიძლება. 

“ორსულებისთვის ვაქცინა უკვე შემოტანილია, რიგდება ქვეყნის დიდ ქალაქებში და ქვეყნის ყველა რეგიონში განაწილდება. ასევე, გადაწყდება კიდევ სხვა რომელი რისკჯგუფი დაექვემდებარება უფასო ვაქცინაციას. გვინდა ​​თებერვალში მზად ვიყოთ, რომ დაავადების შემთხვევების მატება არ იყოს”, – აცხადებს პაატა იმნაძე.  

მისივე განმარტებით, სეზონური გრიპის ვირუსი ყოველწლიურად ცირკულირებს, რაც განაპირობებს ადამიანთა გრიპით ავადობას. ადამიანიდან ადამიანზე გადაეცემა ხველით, ვირუსით კონტამინირებულ ნივთებთან ან ზედაპირებთან შეხებისას. სეზონური გრიპი ხასიათდება როგორც მსუბუქი, ისე მძიმე სიმპტომატიკით, შესაძლოა მოყვეს ლეტალური გამოსავალიც განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფებში. მაღალი რისკის ჯგუფებს წარმოადგენენ ორსულები, მოხუცები, ბავშვები, სუსტი იმუნური სისტემის და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები.



მსგავსი თემები