„გრიპის ვირუსი აპრილის თვემდე გრძელდება, B ტიპის ვირუსის მაჩვენებელი 75%-ს შეადგენს“ – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის პაატა იმნაძის გნცხადებით, გასულ კვირასთან შედარებით, მიმდინარე კვირას, ვირუსის მხრივ, პაციენტების რაოდენობა მომატებულია. მისივე ინფორმაციით, ყველა ვირუსი საშიშია, თუ მას სათანადო ყურადღებას არ მიაქცებენ. სეზონური გრიპის ვირუსის გავრცელებასთნ დაკავშირებით, პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.

“ამჟამად, გრიპის ვირუსის მაჩვენებელი, საქართველოში, 100 000 მოსახლეზე 220 ადამიანს შეადგენს. დღეისათვის მიმართვიანობამ ამბულატორიულ დაწესებულებებში, წინა კვირასთან შედარებით, ოდნავ მოიმატა. ეს გასაგებიცაა, მძიმედ თუ არაა ადამიანი, არ მიმართავს პოლიკლინიკას. ჰოსპიტალიზაციის წილი, მძიმე მწვავე რესპირაციული  დაავადებებისა ნორმალურია და ინდიკატორი 3%-ით გაზრდილია. გრიპით დაავადებულ ადამიანთა მაჩვენებელი ამჟამად  22-25%-ია, შარშან ამ დროს 40% იყო. ამჟამად, საქართველოში გრიპის ვირუსით გარდაცვალების 2 ფატალური შემთხვევა გვაქვს. ორივე დეკემბრის თვეში”, – განაცხადა პაატა იმნაძემ “მედიაცენტრ მთავარში”.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ჩვენს ქვეყანაში ისეთივე სიტუაციაა, როგორიც ევროპის აბსოლუტურ უმრავლესობაში. მისი თქმით, საქართველოში
გრიპის B ტიპის ვირუსია წამყვანი.

“ავადმყოფისთვის მნიშვნელობა არ აქვს,  A ტიპის იქნება  ვირუსი თუ B. მას აქვს გრიპი და სიფრთხილეა საჭირო.  B ტიპის ვირუსის მაჩვენებელი 75%-ს შეადგენს, ხოლო A ტიპის ვირუსის გავრცელება 5%-ს. დანარჩენი მოდის გაციების ვირუსებზე. საშიში შეიძლება ყველა იყოს, ძირითადი რჩევა ისევ ექიმთან მიმართვიანობაა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.

პაატა იმნაძის განმარტებით, გრიპის ვირუსი აპრილის თვემდე გრძელდება, მატებას კი თებერვლის თვეში უნდა ველოდოთ.

მსგავსი თემები