გრიპის ვირუსის გავრცელების პიკზე ვიმყოფებით – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში გრიპის ვირუსის გავრცელების პიკია. შარშანდელთან შედარებით კი კლინიკებში მიმართვიანობა 2-ჯერ მეტია. ვირუსის გავრცელების ინტენსივობა იანვრის პირველ კვირაში მოიკლებს, ხოლო მატების მეორე ტალღა შესაძლოა, თებერვალში დაფიქსირდეს. შარშან, იმავე პერიოდთან შედარებით, პიკი წელს ერთი კვირის დაგვიანებით დადგა.

როგორც პაატა იმნაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად, მატულობს გრიპის ვირუსის მაგვარი დაავადებების გავრცელების სიხშირე. სტატისტიკის თანახმად, ავადობა ამჟამად 100 000 მოქალაქეზე 221 მიმართვიანობაა, რაც ეპიდემიური ზღვარი არ არის. ეპიდემიის ზღვარი 100 ათას ადამიანზე 450-500 შემთხვევაა.

“დღეს, ვინც გრიპის ვირუსით არის ავად, აბსოლუტურ უმრავლესობას H1N1 ვირუსი აქვს. მცირე მაჩვენებლით, ასევე, ვრცელდება H3N2 გრიპის ვირუსი. თუმცა არ გამქრალა სხვა ვირუსებიც, ისინი ცირკულირებენ. ეპიდემიის ზღვარზე არ ვართ, მაგრამ, ეს არ არის შეღავათი მათთვის, ვინც უკვე ავად არის. ბევრმა ვირუსი უკვე გადაიტანა. ვირუსს ახასიათებს მაღალი ტემპერატურა. ის კლინიკურად საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს. მიმართვიანობა, შარშანდელთან შედარებით დაახლოებით 2-ჯერ მეტია”, – აცხადებს პაატა იმნაძე.

მისივე თქმით, გრიპის ყველა ვირუსი ერთნაირია, მაგრამ H6 ვირუსი, რომელიც ფრინველის გრიპის სახელით არის ცნობილია, შესაძლოა შედარებით მძიმედ ფორმებში მიმდინარეობდეს. აღნიშნული ვირუსი შედარებით ახალია. საქართველოში ის 2009 წლიდან ვრცელდება, ამიტომ, ბევრი ადამიანი მას ადრე არასდროს შეხვედრია. ამის გამო, იმნაძის თქმით, შესაძლოა, ეს ვირუსი პირველ შეხვედრაზე შედარებით მძიმედ მიმდინარეობდეს.

“გარდაცვალების ერთი შემთხვევა უკვე აღრიცხულია, მაგრამ იმავე დროს, ათასობით ადამიანმა ეს ვირუსი დიდი პრობლემების გარეშე უკვე გადაიტანა. სტატისტიკა დგება სამედიცინო დაწესებულებების დატვირთვის მიხედვით. რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებებს არ მიმართავენ. ასევე, მომატებულია ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები. აქ არის მეორე ინდიკატორი, ყველა მიმართვაში, როგორია წილი გრიპის მაგვარი დაავადებების მიმართვისა. დღეისთვის ეს 25% -ია. ყველა ვირუსი შეიძლება დამძიმდეს, მათ შორის არა გრიპის ვირუსებიც”, – განაცხადა პაატა იმნაძემ “მთავარში”. 

მსგავსი თემები