გრიპის ვირუსის გავრცელების პიკი 10 დღეშია მოსალოდნელი – პედიატრი 

პედიატრ თემურ მიქელაძის განცხადებით, გრიპის ვირუსის გავრცელება პიკს დაახლოებით 10 დღეში მიაღწევს. დაახლოებით 20 იანვრიდან კი კლება დაიწყება. გაციების ვირუსები სეზონურია, მისი გავრცელება საშუალოდ სექტემბრიდან იწყება და მომავალი წლის მაისამდე გრძელდება. მათთვის დამახასიათებელია ერთი ან ორდღიანი ცხელება, ყელის ან თავის ტკივილი, სისუსტე. ამ დროს პაციენტმა რაც შეიძლება მეტი სითხე უნდა მიიღოს.

როგორც თემურ მიქელაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გრიპის ვირუსების გავრცელება შარშანდელთან შედარებით წელს, უფრო ადრეულ პერიოდში დაიწყო. შარშან, კრიტიკული პერიოდი იანვრის ბოლოდან მარტის შუა რიცხვებამდე იყო.

მისივე განმარტებით, გრიპის ვირუსის გავრცელება ტალღობრივად მიმდინარეობს და მდგომარეობა ყოველ 4-5 წელიწადში იცვლება. ასევე, გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელია მაღალი ცხელება, 39-მდე და ზემოთ, 41 გრადუსამდე ტემპერატურა, ყელისა და თავი, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, პაციენტი მივადრნილია.

“40 გრადუსი სიცხე არ არის ის სიმპტომი, რომ პაციენტი აუცილებლად კლინიკაში გადავიყვანოთ. მშობელმა უნდა გამოიძახონ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, იქნება პედიატრიული სამსახური თუ მოზრდილთა დახმარება და სახლის პირობებში უმკურნალოს. ხშირად უნდა განიავდეს ოთახი, იატაკი დამუშავდეს სველი წესით, პაციენტმა ჩვეულებრივზე 30-40 % -ით მეტი სითხე უნდა მიიღოს”, – აცხადებს თემურ მიქელაძე.

მისივე ინფორმაციით, ევროპული რეკომენდაციაა, რომ სიცხის დამწევი საშუალებები, თუ პაციენტი მაღალ ტემპერატირას იტანს, 39 და 39,5-გრადუსამდე არ გამოვიყენოთ. ცხელება არის ორგანიზმის დამცველობითი რეაქცია, რესპირატორული პათოგენის მოსაშორებლად.

“ცხელებამ უნდა მოკლას გრიპის ვირუსი, ცხელებას არ უნდა ვებრძოლოთ. თუ პაციენტი იტანს ცხელებას, არ არის საჭირო სიცხის დამწევი საშუალებები. მთავარია, რომ გრიპის ვირუსი არ გავრცელდეს. ამისთვის საჭიროა ჰიგიენური ნორმების მკაცრად დაცვა, ხელები ხშირად უნდა დავიბანოთ”, – აცხადებს პედიატრი.

 

მსგავსი თემები