“გპირდებით, გავასაჯაროებ” – მამუკა ხაზარაძე შს მინისტრისგან მიღებულ მუქარის წერილზე

„ასეთი შემოტევა 27 წლის განმავლობაში არ გვქონია. ჩავთვალეთ, რომ დასამალი არაფერია და მივეცით ყველა ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტი, რომელიც 11 წლის წინანადელი გვქონდა არქივში. წერილი იყო შს მინისტრისგან მოწერილი, ბატონ გახარიასგან. ეს არის მუქარის წერილი, რაღაცის შესრულების საფასურად, რომელიც ჩვენ არ გავაკეთეთ და არც გავაკეთებთ“ – ეს ხმაურიანი განცხადება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

ხაზარაძე იმ, ეგრეთწოდებული ხმაურიანი წერილის გასაჯაროებას აპირებს, თუმცა მხოლოდ მაშინ, როცა დარწმუნდება, რომ საგამოძიებო ორგანოები სათანადო ყურადღებას მიაქცევენ.

„სიმართლე გითხრათ, ძალიან ცოტა იმედი მაქვს, რომ რაღაცები გაირკვევა ამ ქვეყანაში. გპირდებით, რომ ამას მე გავასაჯაროებ, მაგრამ გავასაჯაროებ, როდესაც იქნება რაღაც საგამოძიებო ორგანო შექმნილი, სადაც ამაზე რეაგირების და გამოძიების საშუალება იქნება…მე მაღალი პასუხისმგებლობის მატარებელი ადამიანი ვარ და გარწმუნებთ, რომ ამ წერილს გავასაჯაროებ, მაგრამ არა ამ ფორმით, არა ჟურნალისტებთან და არა იმიტომ, რომ რაღაც ორთქლი გამოვიდეს და მერე ეს თემა დამთავრდეს,“ – განაცხადა ხაზარაძემ პარლამენტში.

მისივე თქმით, აღნიშნული წერილი მან არჩევნების მეორე ტურის წინ მიიღო. წერილის ერთი ნაწილი კი რეპუტაციას დანგრევას ეხებოდა.

„ძალიან გამიკვირდა, რომ ასეთი წერილი დაწერეს და ეს ყველაფერი სიტყვიერად არ გვითხრეს. იყო მოთხოვნები, რომელიც არ შევასრულეთ. ამის მერე, თქვენ იცით მოვლენების განვითარება რაც მოხდა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

„საოცრება ის არის, რომ მე ამის შესახებ დაკითხვის ოქმში ვთქვი. ამის მერე საქმე არ აღიძრა, არც მოსამართლემ და არც სამმა პროკურორმა კითხვაც კი არ დამისვა. მე ვუთხარი, რომ ჩვენზე არის შემოტევა, მუქარა და ეს არის ჩაწერილი და არავინ, არა თუ დაინტერესდა, არათუ საქმე არ აღიძრა, არამედ 9 იანვარს გააკეთეს საშინელი განცხადება, რომელმაც 90 მილიონის პირველი ზარალი მოგვიტანა,” – ასეთი იყო ხაზარაძის ხმაურიანი განცხადებები პარლამენტის ტრიბინიდან.






მსგავსი თემები