გორში მოკლულ 9 წლის გოგონას ძალადობის კვალი აღენიშნება

გორში დაკარგული 9 წლის გოგონას ცხედარს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ლიახვის ნაპირზე გარდაცვლილი იპოვეს, ძალადობის ნიშნები ეტყობა.

როგორც გარდაცვლილი გოგონას ოჯახის წევრები აცხადებენ, ბავშვს ხელები ალუმინის მავთულით აქვს შეკრული, თავზე კი ცელოფანი აქვს ჩამოფარებული. მათი ვერსიით,  გოგონა მოკლულია და მკვლელის სასწრაფოდ პოვნას მოთხოვენ.

ოჯახის ახლობლები ვარაუდობენ, რომ ბავშვი სხვა ადგილას არის მოკლული და ცხედარი მდინარე ლიახვის ნაპირზე, სახლთან ახლოს გადამალვის მიზნით მიიტანეს, რადგან მათი თქმით, ადგილი, სადაც ცხედარი იპოვეს, დღის განმავლობაში რამდენჯერმე დაათვალიერეს.

9 წლის გოგონას პოლიცია და მშობლები დღეს, შუადღის შემდეგ ეძებდნენ.

ადგილზე, სამართალდამცველებთან ერთად, შიდა ქართლის გუბერნატორი, გიორგი ხოჯევანიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან.  ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მათი ინფორმაციით, ცხედარს კომპლექსური ექსპერტიზა ჩაუტარდება.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა დაიწყო, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახა საბანაძე ხელმძღვანელობს.

 

მსგავსი თემები