გოგო 2000-დან 4000 ლარამდე ჯდება; ბიჭი – 2000-დნ 3000 ლარამდე

სკოლის დამთავრება და „ბოლო ზარი“ მშობელს 2 000-დან 4 000 ლარამდე უჯდება. დედაქალაქში – გოგო: 2000-დან 4000 ლარამდე; ბიჭი – 2000-დან 3000 ლარამდე; რეგიონში – გოგო 1000 – 2000 ლარი; ბიჭი – 1000 -1500 ლარი – ასეთია სკოლის დამთავრების ხარჯი მშობლებისთვის.

რაც შეეხება რაში იხარჯება ამხელა თანხა, გადანაწილება შემდეგია: დედაქალაქი – საბანკეტო კაბა საშუალოდ 800 ლარი; ფეხსაცმელი 400 – 600 ლარი; ჩანთა – 300-400 ლარი; ეპილაცია – 200 ლარი; ფრჩხილის დაგრძელება – 100 ლარი; მაკიაჟი 200-300 ლარი; ბანკეტი – 1000 ლარი; ფოტო-ვიდეო გადაღება 300 ლარი – ჯამი 4000 ლარს სცილდება. თუმცა, ამ ჩამონათვალში ყველა ხარჯი არ შედის.

ჩამონათვალს ემატება მასწავლებლის საჩუქარი, ბანკეტის მეორე დღე მეორე დღის ტანსაცმლით და სხვა ხარჯები.

რაც შეეხება ბიჭებს: შარვალ-კოსტუმი – 600 – 1200 ლარი; პერანგი – 200-300 ლარი; ფეხსაცმელი 400-600 ლარი; ბანკეტი; ფოტო-ვიდეო გადაღება; ტრანსპორტი და სხვა წვრილმანი.

რეგიონებში, დედაქალაქთან შედარებით ხარჯი გაცილებით ნაკლებია, თითქმის ნახევარი.

იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვმა დაჩაგრულად და კლასისგან გარიყულად არ იგრძნოს თავი, მშობლებს „ბოლო ზარისთვის“ ბანკიდან კრედიტების აღებაც კი უწევთ.

„მედიაცენტრ მთავარს“ არაერთმა მშობელმა დაუდასტურა, რომ ზოგმა მთლიანი თანხა გამოიტანა ბანკიდან, ზოგმა კი თანხის ნაწილი.

„დიახ, სჭირდებათ ბავშვებს და ხომ არ გამოვაკლებ კლასს. მე პირადად მთლიანი თანხის 3400 ლარის ბანკიდან აღება დამჭირდა. სხვა გზა არ მქონდა“ – უთხრა თბილისის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლის მშობელმა „მედიაცენტრ მთავარს“.

რამდენიმე მეთორმეტე კლასელმა ისიც გვითხრა, რომ მათი ოჯახის ხარჯი გემოვნების საკითხია. „ფასები სტანდარტული არ არის, ზოგი მეტს ხარჯავს, ზოგი ნაკლებს. ზოგს 2000 ლარიანი შარვალი და პიჯაკი აცვია, ზოგს კი 200 ლარიანი. გააჩნია, ვის რა შეუძლია. აი, ჩემი ოჯახი კი ძაან „გავწეწე“. დაახლოებით 5 000 ლარი მარტო ჩემს მოკაზმვაში გადადეს, მაგრამ აი, საჩუქარზე ვნახოთ რას იზამენ“ – უთხრა გიორგი მ-მ „მედიაცენტრ მთავარს“.

მსგავსი თემები