“გოგლიმოგლზე გაზრდილი პატარა ბიჭი” – ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარეზე

„ჩვენ რომ ნაციონალური მოძრაობას ვებრძოდით და ვიდექით ტყვიების ზუზუნში, ამ სიტყვების ავტორი გოგლიმოგლს მიირთმევდა და ჭურუტანიდან გვიყურებდა, გავუძლებდით და გადავრჩებოდით თუ არა“- ასეთი შეფასება ცოტა ხნის წინ, პარლამენტის პლენარული სხდომაზე გამოცხადებული შესვენების დროს, ეკა ბესელიამ პარლამენტის თავჯდომარის, ირაკლი კობახიძის მისამართით გააკეთა.

“გოგლიმოგლზე გაზრდილი პატარა ბიჭები რომ ასეთი ტონით ლაპარაკობენ, ამის პასუხს მიიღებს ახლა ჩემს ბოლო დასკვნაში. თქვენ ნახავთ პასუხს, რასაც ის მიიღებს და როგორი პარლამენტის თავმჯდომარეც იქნება, ამ ნაბიჯების მერე, ამ პასუხებს მოისმენს ისიც და საზოგადოებაც.

ადამიანი, რომელიც მიიჩნევს, რომ გუშინ რომ ბოროტებას სჩადიოდნენ, დღეს კეთილად გასხივოსდნენ, ეს ადამიანი მორალურად, ჩემთვის ზუსტად იქ დგას, სადაც იდგნენ ისინი, ვისაც ჩვენ ვებრძოდით. მართლა ემოციურად ვარ განწყობილი, რადგან ვარ იმ გადაწყვეტილების მიჯნაზე, რომელიც ვიღაცისთვის ძალიან სასურველია ამ დარბაზში და ახლა საათებს ითვლის, როდის გამოვაცხადებ იმ გადაწყვეტილებას. ეს ნაციონალური მოძრაობის ფილიალია ახლა, რასაც ვხედავ იმ მოძრაობაში, რომელსაც გუნდს ვეძახით.

ნიკა მელია, თუ სამადაშვილი თუ რატიანი, ერთი მთლიანია ესენი. დაუჭერენ თუ არა მხარს, არ არის მთავარი, უბრალოდ, ხმების რაოდენობა გვჭირდება. იმისათვის, რომ ინიციატივა გავიდეს. ისინიც კი ხვდებიან რომ არაპოპულარულია ამ ინიციატივის მხარდაჭერაზე უარის თქმა და ამას ვერ ხვდება კობახიძე, რომელიც თურმე კონსტიტუციას იცავს. კონსტიტუციას კი არა ზარდიაშვილს და ჩინჩალაძეს იცავს, – განაცხადა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან.

პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის თავმდომარე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ეკა ბესელიასა და იმ 8 დეპუტატის ინიციატივა, რომლებიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას მოითხოვენ, არ მოდის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში.

მსგავსი თემები