გოგა ხაინდრავა ოპოზიციაში ქვეყნის პრეზიდენტობის რეალურ კანდიდატებს ვერ ხედავს

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, რეჟისორი გოგა ხაინდრავა, ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შორის ქვეყნის პრეზიდენტობის რეალურ კანდიდატებს ვერ ხედავს და მიაჩნია, რომ ზოგადად, პრეზიდენტის ინსტიტუტმა ამოწურა თავისი თავი.

​როგორც მედიაცენტრ “მთავარს” გოგა ხაინდრავამ განუცხადა, ქართული პოლიტიკის სერიოზული პრობლემაა დღეს ის, რომ არ არსებობს ჯანსაღი ოპოზიციური ძალა, მმართველ პოლიტიკურ გუნდთან ჯანსაღი პაექრობა არ მიმდინარეობს, რაც ქვეყანას სიკეთეს არ მოუტანს.

მისივე თქმით, ქვეყანას დღეს ისეთი “უგვანო ოპოზიცია” ჰყავს, რომ მათთან წესიერი ადამიანები არ მივლენ და არც მიდიან.

“პრეზიდენტის ინსტიტუტმა ამოწურა თავისი თავი, დაწყებული პირველი პრეზიდენტით, რომლის ქმედებას ქვეყანაში კატასტროფა მოჰყვა და რომელმაც დატოვა ქვეყანა და წავიდა, ყველა მომდევნო პრეზიდენტს უბედურების მეტი ქვეყნისთვის არაფერი მოუტანია. თვითონ ინსტიტუტი არ ვარგა, იმიტომ, რომ ქართველებს პირველობის ჟინი გვაქვს. იმ სკამზე ჯდებიან თუ არა გონებას კარგავს ყველა. ევროპის ცივილიზებული ნაწილი საპარლამენტო მმართველობით არსებობს და მგონია, რომ ქართველებისთვისაც ერთპიროვნული მმართველობა მაინცადამაინც კარგი შედეგის მომტანი არ არის”, – მიაჩნია გოგა ხაინდრავას.

რაც შეეხება მოქმედი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მეორე ვადის პრეზიდენტობის შანსებს, გოგა ხაინდრავას აზრით, მარგველაშვილის შანსები სერიოზულად ლაპარაკი შეუძლებელია.

“რაც მაგან იკადრა, თუნდა მისი ბოლო ვიზიტი გავიხსენოთ ბრიუსელში. ნატოს სამიტზეა ჩასული, ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხები წყდება და იქიდან რაღაც იაფფასიან ინტრიგებს ხლართავს საკუთარი პოლიტიკური მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ, საკუთარი ქვეყნის მიმართ განცხადებებს აკეთებ მთელი ევროპული პრესის მოსასმენად, ამას ვინ იკადრებს უღირსი კაცის მეტი. უმნიშვნელო ადამიანს, რომელსაც საკუთარი თავის რწმენა არ აქვს რა შანსი უნდა ჰქონდეს არჩევნებში. მაგას სახლმართველადაც არ აირჩევენ თავის უბანში”, – აცხადებს გოგა ხაინდრავა.

მსგავსი თემები