„გმირი ვაჟა გაფრინდშვილი ჯალათებს ეუბნება, რომ საქართველოს შიგნით საზღვრებს არ ცნობს” – ჯემალ გამახარია

„2019 წელს საქართველომ  შვა კიდევ ერთი ეროვნული გმირი ვაჟა გაფრინდაშვილის სახით. მინდა მას მივესალმო და მის ოჯახს მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვუცხადო,“ – ასე შეაფასა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი.

ჯემალ გამახარიას განცხადებით, 21-ე საუკუნის ცივილიზებული სამყაროსთვის, ვაჟა გაფრინდაშვილის ამ დრომდე პატიმრობა  სირცხვილია. მისი თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ექიმი პატიმრობიდან იხსნან.

„როგორც ხედავთ გმირობისთვის  განსაკუთრებული არაფერია  საჭირო. საჭიროა  სამშობლოს უსაზღვრო სიყვარული და ღირსების გრძნობა, რომელიც მოჭარბებულად აღმოაჩნდა ამ ადამიანს. მან, თავისუფლად გადალახა მავთულხლართები ისე, რომ იცოდა დააპატიმრებდნენ მაგრამ, საკუთარი თავი არაფრად ჩააგდო. ის, იმ ჯალათებს ეუბნება, რომ არავითარი საზღვარი არ დაურღვევია და საქართველოს შიგნით  არავითარ საზღვრებს არ ცნობს. ამის გამო ეს ადამიანი პატიმარია. ესაა მსოფლიოს, დემოკრატიული, თავისუფალი სამყაროს სირცხვილი. საყოველთაო სირცხვილია, რომ 2019 წელს, 21-ე საუკუნეში ეს პრობლემა გვაქვს ევროპაში. სადღაც რომ იყოს, ისეთ ადგილებში, სადაც ნაკლებადაა დემოკრატია და ცივილიზაცია განვითარებული გასაგებია,  თუმცა, როგორ შეიძლება ევროპაში ეს ხდებოდეს,“ – განაცხადა ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

ჯემალ გამახარია იმედს გამოთქვამს, რომ ახალ წელს ვაჟა გაფრინდაშვილი ოჯახს დაუბრუნდება: „იმედი მაქვს, რომ  ახალ წელს, ჩვენი გმირი თავის ოჯახთან ერთად შეხვდება“.

ვაჟა გაფრინდაშვილი თითქმის ორი თვეა, ცხინვალის იზოლატორში პატიმრობაში იმყოფება. ოკუპანტები ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრისკვეთაში სდებდნენ ბრალს, თუმცა გაფრინდაშვილი აცხადებდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საზღვრებს არ აღიარებს და შესაბამისად, არც ბრალს აღიარებს.

მსგავსი თემები