გლდანში, სკეიტბორდის მოყვარულთათვის სპეციალურ ნაგებობას დადგამენ   

თბილისის გარეუბანში, კერძოდ, გლდანის მეექვსე მიკრორაიონში, N7-N20 საცხოვრებელ კორპუსებს შორის პარკის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი, რომელსაც  თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ახორციელებს, კალათბურთის მოედნის, შადრევნის, ამფითეატრის, სავარჯიშო და საბავშვო მოედნების, სარწყავი სისტემის, საფეხმავლო და ველობილიკების მოწყობას ითვალისწინებს. ასევე, მიმდინარეობს ტერიტორიაზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია. სკეიტბორდის მოყვარულთათვის აიგება სპეციალური ნაგებობა.

მიმდინარე სამუშაოები დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა და განაცხადა, რომ  სრულფასოვანი რეკრეაციული სივრცე გლდანის მეექვსე მიკრორაიონში, დაახლოებით, 1 ჰა ფართობზე მოეწყობა.

მისივე თქმით, სკეიტბორდის მოყვარულები ყოველდღიურად შეძლებენ ვარჯიშს. პარკში იქნება სპეციალური ზონა ცხოველებისთვის, რომ მოქალაქეებმა, ვისაც ამის პრობლემა აქვს, დისკომფორტი არ იგრძნონ. პარკში მოეწყობა შადრევანი. დენდროლოგიური პროექტის მიხედვით კი დაირგვება ახალი ხე-მცენარეები.

“ისეთ მჭიდროდ დასახლებულ უბანში, როგორიც ეს ადგილია, ეს იქნება სასიამოვნო, კეთილმოწყობილი და გამწვანებული ადგილი, სადაც ბავშვებისთვის ბევრი საინტერესო გასართობი იქნება, მოქალაქეები კი უსაფრთხო და კომფორტულ დასვენებას შეძლებენ. ამის შემდეგ ჩვენ მოქალაქეებისგან აუცილებლად დაგვჭირდება თანადგომა და მხარდაჭერა, რომ ამ ყველაფერს ერთად მოვუაროთ, რადგან უამრავი შემთხვევაა, როცა ახლად რეაბილიტირებულ სკვერებსა და პარკებს ვანდალურად აზიანებენ. ჩვენ ყველა ერთად უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ქალაქს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის მერიაში განუცხადეს, უკვე დასრულებულია მიწისქვეშა კომუნიკაციების სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამ ეტაპზე კი, ექსტრემალური მოედნის მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე განთავსდება საპარკე ინფრასტრუქტურა, დამონტაჟდება გარე განათების სისტემა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე 416 ძირი სხვადასხვა სახეობის მერქნიანი მცენარე – ირმის რქა, იტალიური ფიჭვი, უნგრული ცაცხვი, ბაბილონის ტირიფი, ამბრის ხე, ნეკერჩხალი და სხვ. დაირგვება. ასევე, 12 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე, ჰიდროთესვის პრინციპით, ბალახი დაითესება.

სამუშაოებს შპს „ტაო“ ასრულებს. პროექტის ღირებულება 927 543 ლარია.

დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გულია გოცირიძე და ადგილობრივი მცხოვრებლები.

 

მსგავსი თემები