„გირჩის“ ამ სექტის საქმიანობა საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს და ჯარის გაძლიერებას“ – ირაკლი  ღარიბაშვილი  

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მისთვის თავდაცვის მინისტრობა დიდი პასუხისმგებლობაა  ქვეყნის, ხალხის და საამაყო ჯარისკაცების წინაშე. როგორც მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე  განაცხადა, პოლიტიკური ორგანიზაცია „გირჩის“ საქმიანობა ქვეყნისთვის სახიფათოა და ამ ორგანიზაციას სექტა უწოდა.  

„გირჩის“, ამ ორგანიზაციის თუ სექტის საქმიანობა პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი სახელმწიფოს და ჯარის ძლიერებას… ეს სახელმწიფოსთვის ძირგამომთხრელი საქმიანობაა… ის, რაც ამ ბოლო წლების განმავლობაში განვითარდა, იყო ჩვენი ერის კატასტროფა და ტრაგედია. ვგულისხმობ პოლიტიკური ოპონენტების, „ნაცმოძრაობის“ და მათთან აფილირებული წევრების ე.წ. „გირჩის“ ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც, ჩვენი საზოგადოების, მომავალი თაობის პირდაპირი დეგრადაციის მცდელობა ხდება, რაც, ყოვლად დაუშვებელია. მჯერა, რომ ამაზე თქვენთან ერთად ვიმუშავებთ. ჩემი მინისტრობის ერთ-ერთი პირველი ამოცანა და საზრუნავი იქნება ის, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადებში ეს საკითხი დარეგულირებული იყოს“, –  აღნიშნა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში.

მსგავსი თემები