გიორგი შენგელია – „ჩვენ ერთად ავაშენებთ უკეთეს ზუგდიდს“

გიორგი შენგელიამ „ქართულ ოცნებას“ მადლობა გადაუხადა ნდობისთვის  ზუგდიდელ ამომრჩეველს საკუთარი პროგრამა გააცნო.

„თქვენ იცით, მე მაქსიმალურად უზრუნველვყოფ თითოეული თქვენგანის ჩართულობას თვითმმართველობის საქმიანობაში, მაქსიმალურად მოვარგებ ინფრასტრუქტურულ პროექტებს თქვენს საჭიროებებს. ზუგდიდში უკვე ხორციელდება 50 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტი. მე ვიქნები იმის გარანტი, რომ აღნიშნული პროექტები განხორციელდება ხარისხიანად და კეთილსინდისიერად. ჩემი მთავარი ამოცანა იქნება თითოეულ პენსიონერზე, თითოეულ სოციალურად დაუცველზე, თითოეულ დევნილზე და ზოგადად ზუგდიდელზე ზრუნვა,“ – ასეთია ზუგდიდის მერობის კანდიდატის დანაპირები.

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი პრიორიტეტს ანიჭებს ახალგაზრდობას, პენსიონერებს და სოციალურად დაუცველ ფენას.

„პრიორიტეტი იქნება ახალგაზრდების გვერდში დაყენება და ახალგაზრდული იდეებით, ახალგაზრდული შემართებით უკეთესი მუნიციპალიტეტის შენება. ჩვენ ახალგაზრდებისათვის ავაშენებთ ახალგაზრდულ ცენტრს, სადაც მათ საშუალება ექნებათ იდეები შემოგვთავაზონ და ეს იდეები უკეთესი მომავლისათვის განვახორციელოთ,“ – განაცხადა შენგელიამ.

ის ზუგდიდელებს ასევე დაპირდა ინფრასტრუქტურის პრობლემების მოგვარებას. დადო პირობა, რომ ზუგდიდში იქნება კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურა. მისი თქმით, უკვე დაწყებულია 10 ახალი გზის მშენებლობა და 100-ზე მეტი ქუჩის რეაბილიტაცია, რაც ფართო მასშტაბს შეიძენს. მერობის კანდიდატი შეეხო ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხსაც. მისი თქმით, ეს მეგაპროექტი შექმნის უამრავ დასაქმების ადგილს და გამოაცოცხლებს რეგიონის ეკონომიკას.

„ჩემი და ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის სოფლის მეურნეობა. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ჩვენი მთავარი გამოწვევაა თხილის მოსავლის გადარჩენა. აღნიშნული მიმართულებით გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც – ჩვენი მხარდაჭერით და შესამაბამისი ცოდნით აღჭურვილი ადამიანები შეძლებენ თავიანთი თხილის ბაღების გადარჩენას, რაც ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,“ – განაცხადა შენგელიამ.

მსგავსი თემები